თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად გრძელდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზები განუწყვეტლივ მუშავდება ქვიშა-მარილის ნარევით.
ამ ეტაპზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
ასევე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული შეზღუდვა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებაზე მოხსნილია ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის 30-50 კმ (სოფ. გომბორი–შუამთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე.
ასევე ახალქალაქი–კარწახის საავტომობილო გზაზე თავისუფალია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-52 კმ (გომი–საჩხერე) მონაკვეთსა და ნაქერალას უღელტეხილზეც (ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62 კმ მონაკვეთი).
ტრანსპორტის გადაადგილებაზე სპეციალური რეჟიმები ამ დროისათვის მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე:
ინტენსიური თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)–უზუნთა–შქმერი–ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ასევე თოვლისა და მოსალოდნელი ზვავსაშიშროების გამო ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზის 53-66 კმ (კორშა–ბისო) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის 1-53 კმ (ჟინვალი–კორშა) მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 125-151 კმ მონაკვეთზე (მელე–ლასდილი).
ამავე საავტომობილო გზის 99-125 კმ მონაკვეთზე (ჭველიერი–მელე) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რაც შეეხება წყალტუბოს გადასახვევი–ჭველიერი მონაკვეთს (1-99 კმ), ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 30-186 კმ (ჯვარი–უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
ამ გზის 70-186 კმ (ხაიში–უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის 1-30 კმ (ზუგდიდი–ჯვარი) მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.