თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. დიასახლისები კარტოფილის ნახარშს, როგორც წესი, ღვრიან. არადა, როგორც მკურნალები ირწმუნებიან, ამ ნახარშს, რომელსაც დიდი ხანია წარმატებით იყენებდნენ წამლად, რამდენიმე დაავადების განკურნება შეუძლია.
როგორც ირკვევა, თანამედროვე მედიცინაც კი ხშირად ურჩევს პაციენტებს კარტოფილის ნახარშის მიღებას გასტრიტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროს. კარტოფილი ბევრ სეკრეტინს შეიცავს, კერძოდ, პოლიპეპტიდს, რომელიც არეგულირებს მჟავიანობას და კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციას ასტიმულირებს.
მკურნალების თქმით, კარტოფილის ნახარში ასევე სასიკეთოდ მოქმედებს: სახსრებზე, კურნავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის მუშაობას. ამას კარტოფილში შემავალი ფიტოსტერინები და ვიტამინი В5 განაპირობებს.
კარტოფილის ნახარშის მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა ინფექციური დაავადებებისას. ის ნატურალური შარდმდენია, რომელსაც ინფექციებთან ბრძოლაში კარტოფილში შემავალი ჰიდროქსიდარიჩინის მჟავები ეხმარება. გარდა ამისა, კარტოფილში ასევე დიდი რაოდენობითაა ასკორბინის მჟავა, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის. სპეციალისტების თქმით, დაფიქსირებულია უამრავი შემთხვევა, როდესაც კარტოფილის ნახარშის რეგულარული მიღების შემდეგ არტერიული წნევა ნორმას უბრუნდება.
სასურველია, რომ სამკურნალო ნახარში მიირთვათ თბილი – დილის საუზმემდე ან ძილის წინ. ასეთ შემთხვევაში ის უფრო ეფექტურად გაუწევს წინააღმდეგობას ართრიტის, ართროზისა თუ პოლიართრიტის წარმოშობას.
გარდა ამისა, თუ კარტოფილის ნახარშით ყოველდღე დაიბანთ სახეს, გარკვეული დროის შემდეგ გაგიქრებათ თვალების ქვეშ შესიებული ქუთუთოები.
დაიმახსოვრეთ: სახის დასაბანად მხოლოდ უმარილო ნახარში უნდა გამოიყენოთ!
აღსანიშნავია ისიც, რომ კარტოფილის ნახარში, სამედიცინო პრეპარატებთან ერთობლივად მიღებისას, ეფექტურად უმკლავდება უძილობას, ნერვული სისტემის აშლილობასა და ნაღვლის ბუშტის დაავადებებს.
ამასთან, მკურნალები გვაფრთხილებენ, რომ ცალკეულ შემთხვევებში ეს ხალხური საშუალება შესაძლოა არაეფექტური და მავნებელიც კი გამოდგეს იმის გამო, რომ მავანი მას არასწორად მიიღებს. იმისათვის, რომ გართულებები თავიდან აიცილოთ, ზედმიწევნით უნდა დაიცვათ რამდენიმე მარტივი წესი.
კარტოფილის ნახარშის უკუჩვენებები და აკრძალვები
ნახარშის მიღებამდე, პირველ რიგში, გაიარეთ კონსულტაცია თერაპევტთან ან მკურნალ ექიმთან;
თუ კუჭის მჟავიანობა აწეული გაქვთ, ნახარში განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიიღოთ. უკონტროლო სმას შესაძლოა უკუეფექტი მოჰყვეს. დაიწყეთ მცირე დოზებით და დააკვირდით მასზე ორგანიზმის რეაქციას. თუ ყველაფერი კარგად იქნება, თანდათან გაზარდეთ რაოდენობა;
კარტოფილის ნახარშის მიღება იკრძალება ჭარბცხიმიანობის დროს (ყველა ტიპის), ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემების, შარდსასქესო გზებში ქვების არსებობის, ვენერიული დაავადებების, დიაბეტისა და ჰიპოტონიის შემთხვევებში;
ნუ შეინახავთ კარტოფილის ნახარშს დიდხანს, მაცივარშიც კი, ვინაიდან ის სწრაფად კარგავს სამკურნალო თვისებებს. ვარგისია მაქსიმუმ ორი დღის განმავლობაში;
ნახარშის მომზადებისას აკრძალულია სიმწვანეშეპარული ბოლქვების გამოყენება. ეს სიმწვანე იმაზე მიუთითებს, რომ კარტოფილი სინათლეზე ინახებოდა და მასში ბევრი მავნე ნივთიერება სოლანინი დაგროვდა.
შენიშვნა: კარტოფილის ნახარში სხვადასხვაგვარად მოქმედებს ადამიანებზე − ზოგ შემთხვევაში დადებითი ეფექტი უკვე ერთი კვირის შემდეგ იჩენს თავს, ზოგს კი რამდენიმე თვე სჭირდება ამისთვის.
ნებისმიერ შემთხვევაში, თუ კარტოფილის ნახარშის მიღებას გადაწყვეტთ, აუცილებელია, რომ ყურადღებით დააკვირდეთ საკუთარ მდგომარეობას და ორგანიზმის მცირე რეაგირებაც კი დააფიქსიროთ. ეს დაგეხმარებათ გააკეთოთ სწორი დასკვნა: ღირს თუ არა ამ საშუალებით მკურნალობის გაგრძელება.
გაითვალისწინეთ: სტატიაში მოყვანილი რჩევები საინფორმაციო ხასიათისაა და პრეტენზია არ აქვს პროფესიულ სამედიცინო რეკომენდაციებზე. ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე თუ კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!