თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. იუსტიციის სახლებში საპენსიო სააგენტოს მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი, უწყებებმა შესაბამის დოკუმენტს ხელი ხუთშაბათს, 2 თებერვალს მოაწერეს.
იუსტიციის სახლის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე უწყების თანამშრომლები გადამზადებას გაივლიან და 2023 წლის მარტიდან იუსტიციის სახლები მოქალაქეებს ხუთ ახალ სერვისს მიაწვდიან.
იუსტიციის სახლი არის დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს თითქმის ყველა საჯარო მომსახურებას: ქორწინების რეგისტრაციით დაწყებული, ქონების რეგისტრაციით და საარქივო ჩანაწერების გაცემით დამთავრებული.
დღეისათვის საქართველოში იუსტიციის სახლის 117 ფილიალი ფუნქციონირებს, მათგან ორი თბილისში.