უეცრად გახსნილი ჭრილობა, ანუ ამბავი ლაშა-გიორგისა და ყოვლისშემძლე მხარგრძელებისა

Sputnik
მეფე თამარის ძე ლაშა-გიორგი ვერ გამოდგა დიდებულ წინაპართა საქმეების ღირსეული გამგრძელებელი. არადა, ფრანგი ჯვაროსანი, რაინდი დე ბუა ბეზანსონის ეპისკოპოს ამადე დე ტრამლესადმი გაგზავნილ წერილში მას „ახალ ალექსანდრე მაკედონელს“ უწოდებდა.
თავად სულმნათმა თამარმაც ტყუილად როდი დაარქვა სახელად ლაშა, ანუ „განმანათლებელი ქვეყნისა“. მასზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ.
როგორც იმ პერიოდის ქართველი ჟამთააღმწერელი წერს, ლაშა-გიორგი ყოფილა:

„ტანითა ძლიერ, მხნედ მოისარი, უხვი და არავისთვის მოშურნე, მლოცველი, მმარხველი, განკითხავი და მოწყალე, გოლიათი მკლავითა სვიანითა და ხელითა გოლიათითა“.

სამწუხაროდ, გაცემულმა ავანსებმა არ გაამართლა მიუხედავად იმისა, რომ ლაშა-გიორგის ნამდვილად ჰქონდა წარმატებული ხელმწიფისთვის აუცილებელი თვისებები – იყო კარგი სტრატეგი, პრინციპული და მიზანსწრაფული, ქარიზმატული ლიდერი.
მთავარი ხელშემშლელი მიზეზი კი ბოჰემური ცხოვრებისადმი მიდრეკილება გახდა. რომ არავის ეცნო, გლეხურად გადაიცვამდა და მთელ დროს დუქნებში, მრუშობასა და ლოთობაში ატარებდა თურმე.
„მიდრკა სიბოროტედ თანამიყოლითა უწესოთა კაცთათა; ხოლო სმამან მღერასა და სიღოდასა და ნაყროვნებამან სიბილწესა უმეტეს გარდარია... შეიყუარნა თანამოჰასაკენი მოსმურობათა და დედათა უწესოთა თანა აღრევითა, რომელ ესეოდენ უსახურებად“, — წერს ქართველი ჟამთააღმწერელი.
აღვირახსნილი ცხოვრების მოყვარული მეფე რინდებს — მუსლიმ სუფიებს დაუმეგობრდა, მოქეიფე, მსმელ, თავზეხელაღებულ ლოთი-შფოთებს. „რინდ“ ასეც ითარგმნება სპარსულიდან: ცბიერი, თაღლითი, მოქეიფე, ბედოვლათი, გზააბნეული, რომელთა დევიზი იყო „არცერთი წამი უღვინოდ, არცერთი საათი უსიყვარულოდ“.
ცუდად დასრულდა მეფისა და რინდების მეგობრობა. მთვრალმა რინდებმა მარჯვენა თვალი წამოუგდეს მზეჭაბუკ მეფეს, ნახევრად დააბრმავეს იგი.
ჟამთააღმწერელი ასე გადმოგვცემს ამ ამბავს:

„ტფილისს მყოფი წარიყვანეს რინდთა თანა, რათა მუნ განძღონ სიბილწე თვისი. ხოლო რინდნი, მეფისა მისლვასა არ მგონებელნი და ღვინით უცნობო-ქმნილნი, ზედა მიეტევნეს მგუემელნი ძლიერად ვიდრემდე ერთიცა თუალი მარჯუენე ხედვისაგან უხედვო ყვეს“.

ზედა მიეტევნეს მგუემელნი ძლიერადო, ანუ ლოთი მეფე ერთი მაგრად გატყიპესო ხელჩართულ ჩხუბში.
ამით არ დასრულებულა ლაშა-გიორგის თავგადასავლები. ჭაბუკი მეფე ველისციხეში გათხოვილი ერთი ფხოველი ქალის მშვენებას ისე მოუხიბლავს, რომ გრძნობა ვერ დაუმორჩილებია და ცოლად წაუყვანია იგი. არადა, ქართული სახელმწიფო სამართალი უკრძალავდა მეფეს ქვეშევრდომი ქალის შერთვას. მაგრამ მეფის დაუოკებელი ვნება სახელმწიფო სამართალზე ძლიერი გამოდგა.
ლაშა-გიორგის კატეგორიულად სთხოვდნენ, გაეგდო ველისციხელი ქალი და კანონიერი ცოლი შეერთო, რათა სამეფოს ტახტის კანონიერი მემკვიდრე ჰყოლოდა. მაგრამ არ ეთმობოდა მეფეს სატრფო, სხვა ცოლის გაგონებაც არ სურდა.
სამღვდელოება ჰკიცხავდა მეფეს და აფრთხილებდა, „მსიძავნი და მემრუშენი ღვთის სასჯელს ვერ ასცდებიანო“. ახსენებდნენ ბიბლიური დავითის სიყვარულის ისტორიასაც, მაგრამ ღვთის მოსალოდნელმა სასჯელმაც ვერ შეაკრთო ახალგაზრდა მეფე. მაშინ უმაღლესმა სამღვდელოებამ უკიდურეს ხერხს მიმართა. ერთ დღესაც, როცა მეფე სანადიროდ იყო წასული, „წარგუარეს ქალი იგი, დედა დავითისი, და ქმარსავე მისსა მისცეს“.
უცნაური ერთგულება გამოავლინა მოქეიფე და ლხინს გადაყოლილმა მეფემ, სხვა ცოლი აღარ მოუყვანია, სიცოცხლის ბოლომდე ველისციხიდან გამოტაცებული ქალი უყვარდა.
ლაშა-გიორგის ხელისუფლების სისუსტე აშკარად იგრძნობოდა ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც. ამან კი ფრიად გაათამამა ავის მოსურნენი. პირველი განძა განუდგა მეფეს. საჭირო იყო მათი სამაგალითოდ დასჯა, რომ სხვა ვასალებსაც არ მიებაძათ განძელებისთვის. და მეფემაც ლაშქარი შეკრიბა, რომელსაც ამირსპასალარი ივანე მხარგრძელი უსარდლა.
განძა კარგად გამაგრებული ქალაქი იყო, ამიტომ მხარგრძელმა ალყაში მოაქცია იგი. დიდხანს გასტანა ალყამ, რამაც მოთმინება დაუკარგა მეფეს. ამიტომ ერთგული მომხრეები აიყოლა ლაშა-გიორგიმ: ბიბილა გურკელელი, ყვარყვარე ჯაყელი, ბოცო ჯაყელი, სარგის თმოგველი, შალვა და ივანე ახალციხელები და სულა სურამელი. მერე ოთხ ათასამდე მეომარი იახლა და მხარგრძელს ქალაქის მთავარ შესასვლელზე იერიშის მისატანად გაეპარა.
და რა იხილეს განძელებმა ქართველთა მეფე მცირე ჯარით, გახსნეს ციხის კარები და ათი ათასი მხედარი გამოუხდა ლაშა-გიორგის „ვითარ მხეცნი“.
მედგრად დაუხვდა მტერს მეფე და მისი მცირე სპა, კი შეძლეს განძელთა წინააღმდეგეობის დაძლევა და ბრძოლის ბედის შემოტრიალება, მაგრამ განძელებმა ისევ ქალაქში შეკეტვა მოასწრეს.
ივანე მხარგრძელი მეტად გაანაწყენა მის დაუკითხავად ჩატარებულმა სამხედრო ოპერაციამ. საყვედურებით აავსო ამირსპასალარმა მეფე: თუ ასეთი რამ კიდევ ერთხელ განმეორდება, აღარც სალაშქროდ გამოვალთ და აღარც შენს კარზე ვიმსახურებთო.
მეფე ცხენიდან ჩამომხდარა, ვაზირთან მისულა და „უმეცრებით ქმნულისათვის შენდობა ითხოვა“. მერე პირობაც დადო, დიდებულებთან თათბირის გარეშე აღარ მოვიმოქმედებო არაფერს.
მოკლედ, სანამ ახალგაზრდა მეფე მრუშობდა და ღრეობდა, ივანე მხარგრძელმა კიდევ უფრო გააძლიერა თავისი გავლენა და ძალაუფლება მეფის კარზე. ლაშა-გიორგი ამას ვერ ეგუებოდა, მაგრამ ვერაფერს აკლებდა მხარგრძელთა კლანს.
მიუხედავად ამისა, ლაშა-გიორგის არ შეუწყვეტია ბრძოლა სამეფო ხელისუფლების განმტკიცებისათვის. ერთგულ დიდებულთა დახმარებით მოახერხა კიდეც ყოვლისშემძლე ათაბაგისა და ამირსპასალარის, ივანე მხარგრძელისა და მისი ძმისწულის — მსახურთუხუცეს ვარამ გაგელის თანამდებობებიდან დათხოვნა. განაწყენებული ივანე მხარგრძელი საერთოდ გაეცალა საერო ცხოვრებას და უკვე ბერის ჩოხას იზომებდა, როდესაც 1223 წლის 18 იანვარს მოულოდნელად გარდაიცვალა ლაშა-გიორგი.
მონღოლებთან თითქმის წელიწად-ნახევრის წინ ბრძოლაში მიღებული ჭრილობა გახსნოდა მეფეს. დის, რუსუდანის ნიშნობაზე ბაგავანში ჩასული მოულოდნელად ცუდად გამხდარა და მალევე აღსრულებულა ჯერ კიდევ მთლად ახალგაზრდა, 31 წლის ლაშა-გიორგი.
არავინ იცის, რატომ გაეხსნა წელიწად-ნახევრის წინ შეხორცებული და მოშუშებული ჭრილობა მეფეს, იქნებ სულაც „დაეხმარა“ ვინმე? ამდენი საუკუნის შემდეგ ძნელი დასადგენია, მოკლეს თუ თავისი სიკვდილით აღესრულა თამარის ძე ლაშა-გიორგი. თუმცა ეს კია: ტახტზე ასულმა რუსუდანმა ისევ დააბრუნა სასახლეში ძმის მიერ შერისხული მხარგრძელები და ისევ უბოძა მათ მაღალი თანამდებობები...