თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. რუსეთში დღეიდან ძალაში შევიდა გადაწყვეტილება „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის ნავთობის მიწოდების შეწყვეტის შესახებ, რომლებმაც რუსულ ნავთობზე ზღვრული მაქსიმალური ფასი დააწესეს.
პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 27 დეკემბერს ხელმოწერილი ბრძანებულების თანახმად, რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდება აკრძალულია უცხო ქვეყნების მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის, თუ კონტრაქტებში „პირდაპირ ან ირიბად არის გათვალისწინებული ზღვრული ფასის ფიქსირების მექანიზმი“.
ლიმიტირებული ღირებულებით ნავთობის ექსპორტი დაშვებულია მხოლოდ პრეზიდენტის ნებართვით.
აკრძალვა იმოქმედებს 2023 წლის 1 თებერვლიდან 1 ივლისამდე. ნავთობპროდუქტების მიწოდების აკრძალვის ხანგრძლივობას რუსეთის მთავრობა დაადგენს.
მანამდე, 2022 წლის 5 დეკემბერს ზღვით ექსპორტირებული რუსული ნავთობის ზღვრული ფასის მექანიზმი ამოქმედდა ბარელზე 60 დოლარის ოდენობით. ეს ზომა ევროკავშირის ანტირუსული სანქციების მერვე პაკეტში შევიდა.
დასავლეთის ქვეყნებმა ლიმიტირებული ფასები რუსეთის შემოსავლების შესამცირებლად დააწესეს.