თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის სასამართლომ მოძრაობა Just Stop Oil-ის ორ აქტივისტს 1750 გირვანქა სტერლინგის გადახდა დააკისრა ლონდონის მადამ ტიუსოს მუზეუმისთვის, სადაც მათ 2022 წლის ოქტომბერში ეკოლოგიური აქცია გამართეს, იუწყება გაზეთი The Guargian.
აქციისას 20 წლის ეილიდ მაკდაფენმა და 29 წლის ტომ ჯონსონმა სათითაოდ შეაზილეს საპარსი ქაფით დაფარული ვეგანური შოკოლადის ტორტები მეფე ჩარლზ მესამის ცვილის ფიგურას. აქტივისტები ნავთობისა და გაზის მოპოვების შეწყვეტას მოითხოვდნენ სიტყვებით It's a piece of cake („ეს ნამცხვრის ნაჭერია“), რაც ასევე ნიშნავს იოლად შესასრულებელ საქმეს.
როგორც სასამართლომ დაადგინა, კლიმატურმა აქციამ მუზეუმს მატერიალური ზიანი მიაყენა. კერძოდ, ჩარლზ III-ის ცვილის ფიგურა ხელახლა შეიღება, ხოლო მისი ტანსაცმელი და პარიკი, რომელიც ნამდვილი თმისგანაა დამზადებული, საგულდაგულოდ გაიწმინდა. ამის გამო მუზეუმის ზოგმა თანამშრომელმა დამატებითი ხუთი საათი იმუშავა, ხოლო ვიზიტორებისთვის შესვლა ერთი საათით დაიკეტა.
აქტივისტები ბრალს არ აღიარებენ, თუმცა ამით არაფერი იცვლება. ჯარიმის გარდა, ეილიდ მაკდაფენს 80 საათი საზოგადოებრივი შრომაც მიესაჯა.