თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საქართველომ და მოლდოვამ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ ევროინტეგრაციის პროცესში, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოლდოვის ვიცე-პრემიერ ოლეგ სერებრიანთან შეხვედრაზე.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი თითქმის ერთდროულად შეიტანეს, მაგრამ 2022 წლის ივნისის ბოლოს დადებითი გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინისა და მოლდოვის მიმართ იქნა მიღებული. რაც შეეხება საქართველოს, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ.
პარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალური პირების შეხვედრისას საუბარი შეეხო საერთო ევროპულ დღის წესრიგს, კერძოდ, ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროცესს. პაპუაშვილმა და სერებრიანმა ასევე ყურადღება გაამახვილეს პარლამენტებს შორის თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
როგორც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა განაცხადა, საქართველოსა და მოლდოვას ბევრი საერთო აქვთ.
„ივნისიდან მოყოლებული ჩვენ ასევე ვიზიარებთ ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პერიოდი, რომლის დროსაც ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ და გამოცდილება გავუზიაროთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თავის მხრივ, მოლდოვის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა განსაკუთრებულია ისტორიული და გეოპოლიტიკური პერსპექტივების გათვალისწინებით.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.
ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება მზად.