რას იღებს შვილი მემკვიდრეობით დედისგან და რას - მამისგან: დამტკიცებულია მეცნიერულად

Sputnik
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. მამის გენომის ნაწილთან ერთად ბავშვს გადაეცემა შენაერთები, რომლებიც მის ჯანმრთელობას, გარეგნობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას განსაზღვრავს, ირწმუნებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები.
რაც შეეხება დედის წილს, მათი თქმით, ის უფრო „მდუმარეა“, მაგრამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სწორედ ისაა მნიშვნელოვანი ევოლუციისთვის.

მამის წვლილი

ნებისმიერი ძუძუმწოვარი, მათ შორის ადამიანი, გენეტიკურად უფრო მამას ემსგავსება, ვიდრე დედას, მიაჩნიათ ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერებს.
მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მშობელი გენეტიკური მასალის თანაბარ რაოდენობას გადასცემს შვილს, მამის მასალა უფრო ძლიერ ზეგავლენას ახდენს ბავშვის ორგანიზმის განვითარებაზე.
კვლევამ აჩვენა, რომ მამის ხაზით მიღებული გენომის უბნები 80%-ით უფრო აქტიურია. შესაბამისად, დიდწილად სწორედ ისინი განსაზღვრავენ, როგორი იქნება შთამომავლობა.

სიბერე მემკვიდრეობით

შვილის სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრადაა დამოკიდებული მამის დნმ-ზე, მიაჩნიათ გერმანელ მეცნიერებს.
მათი თქმით, ასაკის მატებასთან ერთად ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეეცვალოს გენების მუშაობა სხვადასხვა მიზეზით — იქნება ეს ხანგრძლივი სტრესი, შიმშილი თუ რადიაცია.
საქმე ისაა, რომ ნუკლეოიტიდებს უერთდება ე.წ. მეთილური ჯგუფები — ქიმიური შენაერთები, რომლებიც გავლენას ახდენს გენების ექსპრესიაზე. შედეგად – მათი ნაწილი უფრო აქტიურდება, ნაწილი კი, პირიქით, „დუმდება“. მას შემდეგ, რაც მამის ორგანიზმში მსგავსი ცვლილება ხდება, დნმ-ის ცალკეულ მონაკვეთებს შვილი მემკვიდრეობით იღებს მეთილურ ჯგუფებთან ერთად, უპირველესად კი მათ, რომლებიც სიცოცხლის ხანგრძლივობას განსაზღვრავს.
არ გამოტოვოთ: მემკვიდრეობითი დაავადებები, რომლებიც ქალის ხაზით გადაეცემა>>
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, თუ ჩასახვის მომენტში მამა უკვე ხნოვანია, ეს მემკვიდრეებს დღეგრძელობის გარანტიას აძლევს. აღნიშნული დასკვნა მათ მას შემდეგ გააკეთეს, რაც ორი თაობის ადამიანებში 1500-ზე მეტი დნმ გამოიკვლიეს.
გაირკვა, რომ „გვიან ბავშვებს“ ტელომერები, როგორც წესი, უფრო გრძელი ჰქონდათ, ვიდრე მათ უფროს დებსა თუ ძმებს. მანამდე არსებული კვლევებით კი დამტკიცებულია, რომ რაც უფრო გრძელია ტელომერები, მით უფრო დღეგრძელია ადამიანი.

გულის ტკივილი მამის ბრალია

აღსანიშნავია, რომ შვილი ასევე მამისგან იღებს მიდრეკილებას გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისადმი, თუმცა, მხოლოდ ვაჟები.
საქმე ისაა, რომ გენებს, რომლებიც პასუხს აგებენ ინფარქტებისა და ინსულტებისადმი მიდრეკილებაზე, დიდი ალბათობით, მამაკაცის Y-ქრომოსომა შეიცავს.
ლესტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) სწავლულებმა 3 ათასი ადამიანის დნმ გააანალიზეს და აღმოაჩინეს, რომ მათგან 90%-ის Y-ქრომოსომები ან I ჰალოჯგუფს განეკუთვნებოდა, ან ჰალოჯგუფ R1b1b2-ს. პირველი ჯგუფის მატარებლებში გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი 50%-ით მეტი იყო, ვიდრე სხვა მამაკაცებში. როგორც ჩანს, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გავლენას ახდენს Y-ქრომოსომა იმუნური სისტემის მუშაობაზე.
გარდა ამისა, მამას შეუძლია ორივე სქესის შვილებს მემკვიდრეობით გადასცეს შიზოფრენიისადმი მიდრეკილებაც. ამასთან, რაც უფრო ასაკოვანია მამა, მით უფრო მაღალია დაავადების ალბათობა. 87 ათასი ადამიანის მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ მათ შორის, რომელთა დაბადების მომენტშიც მამები 50 წელს იყვნენ გადაცილებული, სამჯერ მაღალი იყო შიზოფრენიით დაავადებულთა რაოდენობა.

დედის წვლილი

ფინელი მეცნიერების კვლევის თანახმად, ადამიანის სიმაღლეს თითქმის 75%-ით განსაზღვრავენ მშობლები. ამასთან, რამდენად მაღალი იქნება ბავშვი, უფრო მამაზეა დამოკიდებული, ვიდრე დედაზე.
ბრიტანელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ტანად მამაკაცებს უფრო მაღალი შვილები უჩნდებათ — სქესის მიუხედავად. ამასთან, რაც უფრო ასაკოვანია მამა, მით მაღალია შვილი.
რაც შეეხება სიმსუქნისადმი ან თხელი აღნაგობისადმი მიდრეკილებას, ამას შვილი ორივე მშობლისგან იღებს (აღსანიშნავია, რომ უფრო ხშირად მემკვიდრეობით გადაეცემა სიმსუქნისადმი მიდრეკილება), თუმცა წონა დაბადების მომენტში მხოლოდ დედაზეა დამოკიდებული — ორსულობის პერიოდში მისი ცხოვრების წესზე და არა დნმ-ზე.
არ გამოტოვოთ: ადამიანს მოგონებები მემკვიდრეობით გადაეცემა: მეცნიერული კვლევა
და, მაინც, ქალის გენომში არსებობს უბნები, რომლებიც უფრო აქტიურობენ შთამომავლების დნმ-ში. საუბარია მერვე ქრომოსომაზე.
ისლანდიელმა მეცნიერებმა 1500 „სამეულის“ (დედა–მამა–შვილი) გენომები შეისწავლეს და აღმოაჩინეს მუტაციები, რომლებიც სწორედ ქალებისგან იყო მემკვიდრეობით გადაცემული.