მსოფლიო დღეს

ნატოს ადმირალი: რუსეთი დამარცხების შემთხვევაშიც დარჩება ალიანსის საფრთხედ

Sputnik
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. რუსეთი ნატოსთვის ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება საფრთხედ, მაშინაც კი, თუ მისი შეიარაღებული ძალები უკრაინაში დამარცხდებიან, განაცხადა ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა.

„როგორიც უნდა იყოს ომის შედეგი, რუსეთს, სავარაუდოდ, კვლავაც ექნება მსგავსი ამბიციები. ამიტომ საფრთხე არსად გაქრება“, — უთხრა სამხედრო მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს ბრიუსელის შტაბ-ბინაში.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ომმა რუსული ჯარები, მისი აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა გამოფიტა, ნატოს ქვეყნები მოელიან, რომ მოსკოვი კვლავაც შეეცდება აღადგინოს და კიდეც გააძლიეროს თავისი სამხედრო შესაძლებლობები.
„ასე რომ, დიდი ალბათობით, ამას მომავალშიც შედეგები ექნება ჩვენი გეგმებისთვის“, — დასძინა ბაუერმა.
ამასთან ადმირალს მიაჩნია, რომ ნატოს დრო დასჭირდება იმის შესაფასებლად, თუ რა ვადაში შეძლებს რუსეთი თავისი ძალების აღდგენასა და სრულყოფას.