საქართველოს მთავრობა მოსახლეობის გაზიფიკაციისთვის ათობით მილიონ ლარს გამოყოფს

გარდა ამისა, 2023 წელს 26 ათასზე მეტი აბონენტი ბუნებრივ აირს მიიღებს, განაცხადა პრემიერმა.
Sputnik
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობა 2023 წელს ქვეყნის რეგიონების გაზიფიცირებისთვის 88 მლნ ლარს გამოყოფს, ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.
სოფლების გაზიფიცირება და ქვეყნის რეგიონების მოსახლეობის გაზმომარაგება 2023 წელს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ბიუჯეტი ახალი პროექტების განხორციელებისთვის დამატებითი თანხების გამოყოფას ითვალისწინებს.
„გეგმის მიხედვით, ბუნებრივი აირის მიღების შესაძლებლობა დამატებით 26 ათასზე მეტ აბონენტს ექნება. პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით, 88 მლნ ლარია გამოყოფილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ეკონომიკურ გუნდთან სამუშაო თათბირის შემდეგ გავრცელდა.
როგორც აღინიშნა, 2023 წელს ჯამში 150-მდე სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოების განხორციელება იგეგმება.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბუნებრივი აირით ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტია უზრუნველყოფილი. მთავრობა მოსახლეობის გაზიფიცირების პროექტის დასრულებას 2024 წელს გეგმავს.