თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გადამდგარ გენერალს და ნატოს სამხედრო კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს პეტრ პაველს ჩეხეთის ახალი პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
პეტრ პაველმა არჩევნების მეორე ტურში უბნების 99,72%-ზე ხმების დათვლის შემდეგ ამომრჩეველთა 58,24%-ის მხარდაჭერა მოიპოვა. მის კონკურენტს, ჩეხეთის ექს-პრემიერ ანდრეი ბაბიშს ხმა ამომრჩეველთა 41,75%-მა მისცა. აქტივობამ 70,31% შეადგინა.
„გისურვებთ წარმატებას და ველი თქვენთან თანამშრომლობას საქართველო-ჩეხეთის ურთიერთობების გაღრმავებაზე, რომელიც დაფუძნებულია ჩვენ საერთო ევროპულ ფასეულობებზე“,- დაწერა ზურაბიშვილმა Twitter-ზე.
არჩევნებში მისი გამარჯვების გამოცხადების შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე პაველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, როგორც პრეზიდენტი, ის ჩეხეთის ყველა მოქალაქის ინტერესებს დაიცავს.