თბილისი, 29 იანვარი - Sputnik. გუდაურში ფრენების აღდგენის მოთხოვნით პარაპლანისტებმა აქცია გამართეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
შეკრებილებმა ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც რამდენიმე თვეა ქვეყანაში პარაპლანით ფრენა აკრძალულია.
აქციის მონაწილეები შეზღუდვების მოხსნასა და ფრენის ნებართვების ოფიციალურად გაცემას მოითხოვენ.
ადგილზე იმყოფებოდა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, რომლის განცხადებით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც მორგებული იქნება საქართველოში არსებულ პირობებთან, გაიგზავნება საერთაშორისო პარაგლაიდინგის ფედერაციაში და სამინისტრო ამ დოკუმენტის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას.
ფრენის აკრძალვის გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო რაც გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტის და მისი თანმხლები პირის სამაშველო ოპერაციის დროს ვერტმფრენი ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.
ტრაგედია გუდაურის მთებში
ოფიციალური ვერსიით, გასული წლის 29 ივლისს გუდაურის ტერიტორიაზე ორი ადამიანი პარაპლანით ფრენისას კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა. დაშავებულთა დასახმარებლად გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც სამაშველო ოპერაციისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.
ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება პარაპლანერისტებს, ტურისტი ადგილზე დაიღუპა, ინსტრუქტორი კი დაშავდა.
წყარო - ტელეკომპანია „იმედი“