მერაბიშვილი: პასუხისმგებლობას არასოდეს გავქცევივარ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი სულ უფრო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი
Sputnik
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ მაქვს დაშვებული შეცდომები, პასუხისმგებლობას არასოდეს გავქცევივარ, ნათქვამია საქართველოს ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილის წერილში.
მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების ფონზე მერაბიშვილს ხშირად მოიაზრებენ როგორც რადიკალურად განწყობილი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის ერთ-ერთ მხარდამჭერს. „ნაცმოძრაობის“ რამდენიმე წევრმა დაადანაშაულა მერაბიშვილი იმაში, რომ მას პარტიის არაფორმალური მართვა სურს.
„წარსულში შეცდომები დამიშვია, მაგრამ პასუხისმგებლობას არასოდეს გავქცევივარ. სამარტოო საკანში გატარებულმა 7 წელმა ბევრი დრო მომცა, მათ შორის, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებისათვის“, - ნათქვამია მერაბიშვილის მიმართვაში.
ის ასევე გამოეხმაურა ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სწორედ მას გულისხმობდა, როდესაც განაცხადა, რომ მოტყუებით დაითანხმეს საქართველოში დაბრუნებულიყო.
„სტრასბურგის ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ პატიმრობის გამოყენების მიზანი იყო, მიეღო იძულებითი ჩვენება ჩემგან, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ“, - განაცხადა მერაბიშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა დაწერა, რომ შექმნილი სიტუაციის უყურადღებოდ დატოვება არ შეეძლო.
„აქამდე ბევრ სხვა ტიპის უბინძურეს ცილისწამებაზე კომენტარიც კი არ გამიკეთებია, მაგრამ ახლა ჩემი მეგობრის, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს, მახინჯი ინტერპრეტაციის უყურადღებოდ დატოვება უბრალოდ არ შემიძლია“, - დაწერა მერაბიშვილმა.
მან ასევე ცილისწამება უწოდა ბრალდებებს იმის შესახებ, რომ თითქოს ის რუსული სპეცსამსახურების აგენტია.
ეჭვები ვანო მერაბიშვილის კავშირებზე რუსულ სპეცსამსახურებთან პირველად ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელმა გიორგი რურუამ გამოთქვა.
როგორც რურუამ აღნიშნა, მერაბიშვილის დაბრუნება მთავარ ოპოზიციურ ძალა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს აწყობს.
მერაბიშვილი ციხეში მოხვდა 2013 წლის მაისში, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.
ვანო მერაბიშვილი გაასამართლეს ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის, 2011 წლის 26 მაისს თბილისში საპროტესტო აქციის დარბევის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა მოსყიდვის, ასევე 2005 წელს სპეცრაზმის თანამშრომლების მიერ პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის გამო და დამნაშავედ ცნეს 2006 წელს „გაერთიანებული ქართული ბანკის“ თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის რეზონანსულ საქმეზე.
ის ციხიდან 2020 წლის თებერვალში გამოვიდა და გარკვეული პერიოდი უცხოეთში იმყოფებოდა. ამ დროისთვის მერაბიშვილი აქტიური პოლიტიკური საქმიანობით არ არის დაკავებული.