მსოფლიო დღეს

„მეგონა, ჩემს ცოლს მალავდნენ“: საელჩოზე თავდამსხმელმა შეტევის მიზეზი განმარტა

თავდამსხმელს თან ახლდა ორი შვილი – 14 წლის გოგონა და 7 წლის ვაჟი.
Sputnik
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. მამაკაცს, რომელიც ამ დილით თეირანში აზერბაიჯანის საელჩოს დაესხა თავს, ეგონა, რომ დიპლომატიური მისია მის მეუღლეს მალავდა, წერს ირანული მასმედია სამართალდამცველ ორგანოებზე დაყრდნობით.
ამის თაობაზე თავდამსხმელმა დაკითხვისას განაცხადა.

„აპრილში ჩემი მეუღლე თეირანში აზრებაიჯანის საელჩოში წავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა. საელჩოში არაერთხელ მივედი, მაგრამ მათგან არანაირი პასუხი არ მიმიღია. ვფიქრობდი, რომ ჩემი ცოლი აზერბაიჯანის საელჩოში იყო და ჩემთან შეხვედრა არ უნდოდა. დღეს დილით გადავწყვიტე, ისევ წავსულიყავი საელჩოში და თან წინასწარ მომზადებული „კალაშნიკოვის“ ავტომატიც წამეღო“, — ციტირებს გამოცემა Asriran დაკავებულის სიტყვებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც, სავარაუდოდ, ირანის მოქალაქე იასინ ჰუსეინზადეა, საელჩოსთან ავტომობილ Kia Pride-ით მივიდა. მას თან ახლდა ორი შვილი – 14 წლის გოგონა და 7 წლის ვაჟი.
სოციალური ქსელებით სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეო გავრცელდა, რომელზეც თავდასხმის მომენტია აღბეჭდილი.
თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა დღეს, დილით, თბილისის დროით 08:30 საათზე მოხდა. დაიღუპა საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და დაიჭრა დაცვის ორი თანამშრომელი.
ამ დროისათვის გამოძიება გრძელდება.