საქართველო გმობს თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებულ თავდასხმას

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა.
Sputnik
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებულ თავდასხმას, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.
თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა პარასკევს, დილით მოხდა. თავდამსხმელი „კალაშნიკოვის" ავტომატით იყო შეიარაღებული. ინციდენტის შედეგად დაიღუპა საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და დაშავდა კიდევ ორი ​​მისი კოლეგა. ირანის პოლიციამ ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას. ნებისმიერი ძალადობის აქტი ნებისმიერი დიპლომატიური წარმომადგენლობის წინააღმდეგ სრულიად მიუღებელია", – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
აზერბაიჯანის მთავრობა უახლოეს მომავალში თეირანში საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციას გეგმავს.