ქართველმა მოციგურავემ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამაში გაიმარჯვა

ევროპის ჩემპიონობისთვის ანასტასია გუბანოვას თავისუფალი პროგრამის კარგად წარდგენა სჭირდება
Sputnik
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. მოციგურავემ საქართველოდან ანასტასია გუბანოვამ ფინეთის ქალაქ ესპოოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ სრიალში უშეცდომოდ შეასრულა მოკლე პროგრამა.
გუბანოვამ მოკლე პროგრამაში 69,81 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. მეორე ადგილზეა ბელგიელი ლუნა ჰენდრიქსი, რომელმაც შეცდომა კასკადის შესრულებისას დაუშვა. მესამე ადგილი შვეიცარიის წარმომადგენელმა კიმი რეპონდმა დაიკავა.
ევროპის ჩემპიონობის მისაღწევად, ანასტასია გუბანოვას თავისუფალი პროგრამის კარგად წარდგენა სჭირდება. ევროპის საუკეთესო მოციგურავეების შეჯიბრება 28 იანვარს თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
პარასკევს, 27 იანვარს, ყინულზე გავლენ მოცეკვავე წყვილი გეორგი რევია და მარია კაზაკოვა. იმავე დღეს მორის ყვითელაშვილი და ნიკა ეგაძე მამაკაცთა შეჯიბრებაში თავისუფალ პროგრამას წარადგენენ.
ფინეთი ევროპის ჩემპიონატს მეოთხედ მასპინძლობს. წელს მასში 35 ქვეყნიდან 131 მოციგურავე მონაწილეობს: 30 გოგონა, 29 ჭაბუკი, 13 სპორტული და 23 მოცეკვავე წყვილი.