თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს თანამედროვე სტანდარტის ცეცხლმაქრი ზურგჩანთები და ყველგანმავალი კვადროციკლი გადაეცა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის გადაცემა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „ტყის მდგრადი და კლიმატგონივრული მართვის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა“ ფარგლებში განხორციელდა.
სპეციალური ტექნიკა საგანგებო სიტუაციების მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოს გადაეცა.
სპეცტექნიკა და აღჭურვილობა ადგილზე დაათვალიერა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით სუხიშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის მეხანძრე-მაშველების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა, მათთვის სპეცფორმით, ასევე ავტოტექნიკით მომარაგება პრიორიტეტია და ამ მიმართულებით პროექტები მომავალშიც გაგრძელდება, აღნიშნეს უწყებაში.