პაპუაშვილი: ნებისმიერ თანამშრომლობაში მთავარი პოლიტიკური ნეიტრალიტეტია

სპიკერის თქმით, საზოგადოებაში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
Sputnik
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა ნებისმიერი თანამშრომლობისას მთავარი უნდა იყოს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG) ხელმძღვანელის მოადგილე ინგა თორდიამ სოციალურ ქსელში ქვეყნის ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დროა საქართველო გამოფხიზლდეს და დაიწყოს მოქმედება იმის საჩვენებლად, თუ რა შეუძლია საზოგადოებას. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა აღნიშნულ განცხადებას ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება უწოდა.
„ყოველთვის ერთ რამეს აქვს მნიშვნელობა და ხაზგასასმელია, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი არის ამოსავალი ყოველგვარი თანამშრომლობისა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მოვუწოდოთ ყველას, ვიყოთ პოლიტიკურად ნეიტრალური“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოებაში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
„განსხვავებულია დამოკიდებულება და ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, მათ შორის პარლამენტის მიმართ, მაგრამ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების მაჩვენებლები სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ მაღალია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLOG) დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და თანამშრომლობს საჯარო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, იურიდიულ სკოლებთან და სხვა პარტნიორებთან.