ადამიანის ტვინის 10 ბოროტი „ხუმრობა“: დააკვირდით სიმპტომებს

ადამიანის ტვინი, მიუხედავად მედიცინის სფეროში საოცარი სამეცნიერო მიღწევებისა, დღემდე მაინც ამოუცნობ და ბოლომდე შეუსწავლელ ფენომენად რჩება.
Sputnik
სტატისტიკის თანახმად, პლანეტის ყოველ მეოთხე ადამიანს აწუხებს ან ფსიქიკური, ან ქცევითი დარღვევები. თუმცა მათ აბსოლუტურ უმრავლესობას, შესაძლოა, წარმოდგენაც არ ჰქონდეს, რომ სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს.
მოდით, ერთად ვნახოთ, როგორ შეუძლია ადამიანის ტვინს ბოროტად „იხუმროს“ და არარსებული სინამდვილედ მოგვაჩვენოს, ან პირიქით.

კვაზიმოდოს სინდრომი (იგივე დისმორფია)

— ძალიან საშიში ფსიქიკური აშლილობაა, რომლის დროსაც ადამიანი საკუთარი გარეგნობის უმნიშვნელო ან სულაც არარსებულ დეფექტს გაზვიადებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
ასეთი ადამიანი გამუდმებით იყურება სარკეში და ცდილობს იპოვოს რაკურსი, რომელშიც „დეფექტი“ არ ჩანს. ამასთან უარს ამბობს ფოტოების გადაღებაზე, რათა ნაკლი სურათზე არ დაფიქსირდეს. ის გადაჭარბებულად ზრუნავს გარეგნობაზე, აქვს დაბალი თვითშეფასება, თავს უხერხულად გრძნობს საზოგადოებაში, ეჭვიანობს, რომ სხვები მის „დეფექტზე“ იცინიან.

ეროტომანია

— ეროტომანიით დაავადებული დარწმუნებულია, რომ მასზე ვიღაცაა შეყვარებული. ხშირად ეს წარმოსახვითი მოტრფიალე ბევრად მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანია, მაგალითად, ცნობილი ადამიანი.
პაციენტს სჯერა, რომ „თაყვანისმცემელი“ მის მიმართ დამოკიდებულებას ფარული სიგნალების, ტელეპათიისა და მედიაში დაშიფრული შეტყობინებების საშუალებით ავლენს. მაშინაც კი, თუ წარმოსახვითი შეყვარებული პირდაპირ ეუბნება ეროტომანიით დაავადებულ ადამიანს, რომ მის მიმართ არანაირი გრძნობა არ აქვს, პაციენტს ეს არ სჯერა — ამას ის იმ სტრატეგიის ნაწილად მიიჩნევს, რომლითაც მათი საიდუმლო ურთიერთობა საზოგადოებისგან უნდა დაიმალოს.

კაპგრასის სინდრომი (დელუზია)

— ამ სინდრომის დროს პაციენტს მიაჩნია, რომ თავად, ან მისი რომელიმე ნაცნობი აბსოლუტურად იდენტურმა ორეულმა შეცვალა. პაციენტმა შეიძლება თქვას, რომ მისთვის მიწერილი ცუდი საქმეები მან კი არა, მისმა ორეულმა ჩაიდინა. ეს დაავადება ხშირად თან ახლავს შიზოფრენიას.

ფრეგოლის სინდრომი

— ამ შემთხვევაში პაციენტი ფიქრობს, რომ ირგვლივ მყოფი უცნობი ადამიანების ნიღბის ქვეშ ვიღაც ახლობელი იმალება, რომელიც გამუდმებით იკეთებს გრიმს და იცვლის გარეგნობას მისი დევნის მიზნით.

ადელის სინდრომი

— ეს არის აკვიატებული მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი პათოლოგიურ სასიყვარულო მიჯაჭვულობას განიცდის.
დაავადების სიმპტომები ღრმა დეპრესიას ჰგავს, მაგრამ შეიძლება ბევრად უფრო საშიშიც იყოს. მას შესაძლო თან ახლდეს: ადამიანის დევნა, თავის მოტყუება, მოჩვენებითი იმედები, საკუთარი თავის ნებაყოფლობით მსხვერპლშეწირვა, მეგობრებისა და ნათესავების რჩევების უგულებელყოფა, დაუფიქრებელი ქმედებები და სხვა თემებისადმი ინტერესის დაკარგვა.

კრიპტომნეზია

— მეხსიერების ერთგვარი დაქვეითება, როდესაც ადამიანს არ ახსოვს, ესა თუ ის მოვლენა სიზმარში მოხდა თუ ცხადში. მაგალითად, ამ დაავადების დროს ადამიანი ვერ იხსენებს, თავად დაწერა ესა თუ ის ლექსი, თუ უბრალოდ სადღაც წაიკითხა.

სინდრომი ალისა საოცრებათა ქვეყანაში

— ამ სინდრომის დროს იცვლება პაციენტის აღქმა გარემომცველი ობიექტებისა და სივრცის მიმართ. საგანი მას შესაძლოა მნიშვნელოვნად უფრო პატარა ან უფრო დიდი ეჩვენებოდეს, ან ეგონოს, რომ ის მისგან შორსაა, მაგრამ რაღაც უცნაურად ძალიან ახლოსაც. ყველაზე რთული შემთხვევაა, როცა ადამიანი არასწორად აღიქვამს საკუთარ სხეულს: ვერ ხვდება მის ფორმასა და ზომას. ამასთან პაციენტებს არც თვალები და არც სხვა გრძნობის ორგანოები არ უზიანდება, ცვლილებები მხოლოდ ფსიქიკას ეხება.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

— ამ ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებს, გარდა იმისა, რომ აკვიატებული შფოთვითი აზრები უვითარდებათ, რომელთა თავიდან განდევნა შეუძლებელია, ასევე აქვთ აკვიატებული „რიტუალები“, რომლებიც, მათი აზრით, აუცილებლად უნდა შეასრულონ.
საინტერესო ისაა, რომ ამ დროს ადამიანმა კარგად იცის თავისი მოქმედების აბსურდულობა, მაგრამ მათი შეუსრულებლობა წარმოუდგენელ შფოთვას იწვევს. ამიტომ იძულებული არიან, რიტუალები მუდმივად დაიცვან.

პარაფრენიული სინდრომი

— ფანტასტიკური შინაარსისა და განდიდების გრანდიოზული ბოდვების ერთობლიობა. პაციენტების გიჟურ იდეებს მუდმივად ახლავს ფსევდოჰალუცინაციები, შეიმჩნევა „ცრუ მოგონებები“.
პაციენტები თავს მსოფლიოს მმართველებად მიიჩნევენ, ჰგონიათ, რომ უკვდავები არიან და ირწმუნებიან, რომ ღვთაებრივი წარმოშობა აქვთ. ამტკიცებენ, რომ დიდი მწერლების წიგნები მათი დაწერილია, ოღონდ ფსევდონიმებით. ამ დიაგნოზის მქონე ადამიანები გარეგნულად ძალიან ამპარტავნები და იდუმალები ხდებიან.

პიროვნების გახლეჩვა

— ძალზე იშვიათი ფსიქიკური აშლილობაა, რომლის დროსაც ადამიანის პიროვნება იყოფა და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მის სხეულში ორი ან მეტი სხვადასხვა პიროვნება „სახლობს“. ეს შესაძლოა იყოს განსხვავებული სქესის, ასაკის, ეროვნების, ტემპერამენტის, გონებრივი შესაძლებლობებისა და მსოფლმხედველობის ადამიანი.
ამ აშლილობის გამომწვევი მიზეზი ბავშვობაში მიღებული მძიმე ემოციური ტრავმაა: ბავშვი, ფსიქოლოგიური დაცვის მიზნით, საკუთარ თავს გადამხდარ ამბავს ისე აღიქვამს, თითქოს ეს სხვის თავს მოხდა.