მსოფლიო დღეს

ზელენსკის ექსკლუზივი Sky News-თან: პუტინთან შეხვედრა არ მაინტერესებს

Sputnik
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. სამშვიდობო მოლაპარაკებების გასამართად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრით დაინტერესებული არ ვარ, განუცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Sky News-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მისი თქმით, პუტინი „საინფორმაციო ვაკუუმში ცხოვრობს და რეალურად არ იცის, რა ხდება ბრძოლის ველზე“.

„არ მაინტერესებს [პუტინთან] შეხვედრა, არ მაინტერესებს მასთან საუბარი... მე მართლა არ მესმის, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში. მე არ მსურს რუსეთის ტერიტორიაზე ომი. უბრალოდ მინდა, რომ ომი შეძლებისდაგვარად მალე შეწყდეს და მათ რაც შეიძლება მალე დატოვონ ჩვენი ქვეყანა“, — აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, როგორც კი რუსული არმია უკრაინის ტერიტორიიდან გავა, ომი მაშინვე შეწყდება.
ამასთან უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მისი ქვეყანა – ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია პუტინისთვის, რომელსაც მომავალში, „თუ უკრაინა ვერ გაუძლებს, სხვა ნაბიჯები და სხვა ქვეყნებიც მოჰყვება“.
„მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ თავს გავართმევთ ომს, დახმარებას მივიღებთ და გავიმარჯვებთ“, — განაცხადა ზელენსკიმ.
აღსანიშნავია, რომ მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განკარგულებით აკრძალა რუსეთთან მოლაპარაკებები. როგორც კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა მოგვიანებით განაცხადა, მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები შეუძლებელია, რადგან ამისთვის არც დე ფაქტო და არც დე იურე პირობები არ არსებობს.
წყარო: Sky News