საქართველოში კიდევ ერთი კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აშენდება

საქართველოში კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა 2010 წლიდან დაიწყო ფუნქციონირება. მალე ქვეყანაში კიდევ ერთი მსგავსი სპეციალიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება გაჩნდება.
Sputnik
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. კრწანისში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ააშენებენ, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან გიორგი მათიაშვილთან ერთად კრწანისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. მთავრობის მეთაურმა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთად შენობის ფუნდამენტში კაფსულა ჩადო და მოისმინა დეტალური ინფორმაცია დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.
სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კადეტთა სამხედრო ლიცეუმი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება. ლიცეუმის ტერიტორიაზე აშენდება ახალი ფუნქციური შენობები, ხოლო იქ არსებულ ობიექტებს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.
42 ჰექტარ ტერიტორიაზე დაგეგმილია 400 კადეტზე გათვლილი საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსების, სასადილოსა და ლაზარეთის შენობების, აგრეთვე საკონფერენციო დარბაზისა და ადმინისტრაციული კორპუსის სრული რეკონსტრუქცია.
ასევე აშენდება სიმულაციის ცენტრი, დახურული სპორტული დარბაზი, ინფრასტრუქტურის სამსახურის შენობა და საკონტროლო-გამშვები პუნქტი. ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი ავტოსადგომი, ავტოგასამართი სადგური, ავტოსამრეცხაო და სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო უბანი.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობისთვის 40 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში 2010 წელს გაიხსნა. ახალი ლიცეუმი მისი ანალოგი იქნება და აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიას დაფარავს.