თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ, უცხოელი სამართალდამცავების დახმარებით, გამოავლინა საქართველოს გავლით 111 მილიონი დოლარის გათეთრების სქემა, რომელშიც 13 კომპანია მონაწილეობდა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქმეში სამი ბრალდებულია, მათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ასევე ფიგურირებს 13 კომპანია, რომელთაც ამავე დანაშაულისთვის სასჯელის სახედ ლიკვიდაცია ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და ჯარიმა ემუქრება.
საუბარია 111 მილიონი აშშ დოლარის და 2,5 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელთა მიზანს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღება წარმოადგენდა.
ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები ჩაიდინეს, რომლებიც მოიცავდა თაღლითობას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, კიბერდანაშაულს და ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებას, აცხადებს პროკურატურა.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა, მოპოვებული ასობით მილიონი აშშ დოლარისთვის კანონიერი სახის მიცემის და მისი უკანონო წარმომავლობის შენიღბვის მიზნით, მათ დაქვემდებარებაში არსებული იურიდიული პირების გამოყენებით, საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში ანგარიშები გახსნეს, ფიქტიური დანიშნულებებით მრავალჯერადი საბანკო ტრანზაქციები განახორციელეს და დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხები ძვირადღირებულ უძრავ ქონებებში დააბანდეს.
ასევე, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მათ მიერ კონტროლირებადი უცხოური საბანკო ანგარიშებიდან საქართველოში გახსნილ ანგარიშებზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების აკუმულირება მოახდინეს და კომპანიების საბანკო ანგარიშებს შორის მრავალჯერადი ბუნდოვანი და ფიქტიური ტრანზაქციები განახორციელეს, აღნიშნავს პროკურატურა.
გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხით ამავე პერიოდში დაახლოებით 11 მლნ ლარად შეიძინა ქობულეთში მდებარე ჯამში 21 ათასი კვ მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები.
სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, დაყადაღებულია ბრალდებულების და მათი საწარმოების საბანკო ანგარიშებზე არსებული დაახლოებით 70 მილიონი აშშ დოლარი და 1,76 მლნ ევრო.
პროკურატურის მიერ უცხოელ პარტნიორებთან კოორდინაციაში გატარდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები როგორც ფულადი თანხების, ისე უძრავი ქონების ჩამორთმევის მიზნით.
პროკურატურა აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ინტენსიურ გამოძიებას დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.
წყარო - გენერალური პროკურატურა