თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმს „მეოთხე ბრაიტონი“ შვედეთის ათ ქალაქში აჩვენებენ, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
კინოცენტრში აღნიშნეს, რომ შვედურ პრესაში უკვე გამოჩნდა დადებითი შეფასებები ფილმის შესახებ.
ლევან კოღუაშვილის ფილმი გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავე კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების გამო აღებული ვალის გადახდაში დაეხმაროს. ფილმში კახის პერსონაჟს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატების ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის გამარჯვებული ლევან თედიაშვილი ასრულებს. ამასთან, ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც „მეოთხე ბრაიტონი“, სამწუხაროდ, ბოლო ფილმი აღმოჩნდა.
ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ოთხი ქვეყნის თანამშრომლობით არის შექმნილი, თანაპროდიუსერი კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხია“. ფილმის ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ-იორკში ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
„მეოთხე ბრაიტონმა“ საერთაშორისო ფესტივალებზე წარმატებას რამდენჯერმე მიაღწია. ფილმი XVI საერთაშორისო კინოფესტივალი „ევრაზიის“ პრიზიორი გახდა, რომელიც ყაზახეთის ალმათიში ჩატარდა. „მეოთხე ბრაიტონმა“ Asian World Film Festival-ის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. მან ასევე მიიღო ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი მთავარი ჯილდო: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო მსახიობი – ლევან თედიაშვილი. გარდა ამისა, ფილმმა კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალის სამი პრიზიც მოიპოვა. დეკემბერში კი „მეოთხე ბრაიტონი“ საუდის არაბეთში წითელი ზღვის კინოფესტივალზე საუკეთესოდ დასახელდა.