ანდრეი სტენინის სახელობის ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების კონკურსის საერთაშორისო ჟიური გამოცხადებულია. მეცხრე საკონკურსო წლის ჟიურის შემადგენლობაში შევიდნენ მსოფლიოს უდიდესი მედიასაშუალებების ექსპერტები და ტიტულოვანი ფოტოგრაფები.
ჟიურის საერთაშორისო ნაწილს წარმოადგენს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ფოტოგრაფიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლან ჰონგგუანგი, ირანის ისლამური რესპუბლიკის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ფოტოგრაფი მეჰდი ბოლურიანი, უმსხვილესი თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს უფროსი ფოტოჟურნალისტი სეფა კარაჯანი და დამოუკიდებელი ფოტოგრაფი არგენტინიდან ხუან კანეტე, რომლის პროექტები გამოფენილია ლათინური ამერიკისა და ევროპის გალერეებში.
რუსეთის მხრიდან სტენინის კონკურსის ჟიურიში შევიდნენ „იზვესტიის“ ფოტოჟურნალისტი პაველ ვოლკოვი, რომელიც იმავდროულად მოსკოვის მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ლექტორია. ვოლკოვი სტენინის კონკურსის მრავალგზის გამარჯვებულია სხვადასხვა წლებში და არაერთი პრესტიჟული რუსული და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია ფოტოგრაფიაში.
© photo: Sputnik / Ramil Sitdikov
ლან ჰონგგუანგი: „მოხარული ვარ, რომ ანდრეი სტენინის საერთაშორისო ფოტოჟურნალისტიკის კონკურსის ჟიურის წევრად მომიწვიეს. წელს ახალგაზრდა ფოტოჟურნალისტები ახალი პერსპექტივების გახსნას განაგრძობენ ფოტოხელოვნებაში და მასზე დადებით ზეგავლენას ახდენენ. ჩემი აზრით, ამას საკვანძო მნიშვნელობა აქვს ფოტოგრაფიის განვითარებაში და ხსნის ახალ შესაძლებლობებს. ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს კონკურსი კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას წაახალისებს, კამერებს მოჰკიდონ ხელი. მე ვნახე კონკურსის გამარჯვებულების ნამუშევრები გასული წლების განმავლობაში, ბევრი ლამაზი ფოტოა.რა თქმა უნდა, უკვე მოუთმენლად ველი, რომ წლევანდელი ჟიურის წევრები ბევრ ახალი შესანიშნავ ნამუშევარს იხილავენ და წარმოუდგენელ ესთეტიკურ და ჰუმანისტურ გავლენას განიცდიან ფოტოგრაფიისგან“.
მეჰდი ბოლურიანი: „ძალიან მოხარული ვარ, რომ კონკურსის ჟიურის ნაწილი გავხდი. ანდრეი სტენინის საერთაშორისო ფოტოჟურნალისტიკის კონკურსს მრავალი წლის განმავლობაში ვადევნებ თვალს. ჩემმა მეგობრებმა კი რამდენჯერმე შეძლეს სხვადასხვა კატეგორიაში მოხვედრა. 2023 წლის კონკურსი წინა წლებისგან განსხვავდება. კორონავირუსთან ბრძოლის თითქმის სამი წლის შემდეგ, მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება. წლევანდელ ნამუშევრებში ახალი პოსტკოვიდური სამყაროს დანახვას ველოდები. ახალგაზრდა ფოტოგრაფებს ანდრეი სტენინის კონკურსი საშუალებას აძლევს, გამოხატონ საკუთარი თავი. მოუთმენლად ველოდები შესანიშნავი ფოტოების ნახვას მთელი მსოფლიოდან.
სეფა კარაჯანი: „ბედნიერი ვარ კონკურსის ჟიურის წევრობით და მოუთმენლად ველი წარმოდგენილი ნამუშევრებიდან საუკეთესოების არჩევას. თითოეული ფოტო უნიკალურია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ საინტერესო კონკურსის მონაწილეები გავხდებით, რომელშიც ყველაზე მახვილი თვალები და უსწრაფესი ხელები გაიმარჯვებენ.დარწმუნებული ვარ, 2023 წელს ანდრეი სტენინის კონკურსი ნამდვილ ვიზუალურ დღესასწაულად იქცევა, რომელშიც მთელი მსოფლიოდან ყველაზე წარმატებული ფოტოჟურნალისტები იასპარეზებენ. ფოტოგრაფია იბადება იმ მომენტში, როდესაც თვალები და გული ერთად მუშაობენ. საკონკურსო ნამუშევრების ნახვით, მე შევძლებ გავიგო, როგორ ხედავენ ჩემი თანამემამულე ფოტოგრაფები სამყაროს“.
ხუან კანიეტე: „ანდრეი სტენინის საერთაშორისო ფოტოჟურნალისტიკის კონკურსის ჟიურის მუშაობაში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა. ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება, დავეხმარო ახალგაზრდა ფოტოგრაფებს საკუთარი თავის გამოხატვაში. ამ კონკურსის წყალობით მათ შეუძლიათ მიიპყრონ ყურადღება და განაცხადონ, რომ 2022 წელი იყო საინტერესო მოვლენებით სავსე პოლიტიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და სპორტში, რაც დეტალურად იყო გაშუქებული ფოტოჟურნალისტების მიერ. ანდრეი სტენინის კონკურსზე ყოველთვის გამორჩეული, ორიგინალური ფოტოები იგზავნება. ჩვენ უკვე მიჩვეული ვართ ამას. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ წელსაც ახალგაზრდა ფოტოგრაფების შესანიშნავი ნამუშევრები გველოდება მთელი მსოფლიოდან“.
პაველ ვოლკოვი: „სტენინის კონკურსში დაარსების მომენტიდან ვმონაწილეობდი, რეგულარულად ვაგზავნიდი ნამუშევრებს, ვიღებდი პრიზებს. ახლა, ასაკის გამო, ვეღარ ვმონაწილეობ როგორც კონკურსანტი. რაღაცნაირი ნოსტალგია მაქვს იმ დროის მიმართ. მაგრამ ძალიან მიხარია, რომ კონკურსთან შეხება უკვე ახალი სტატუსით შემიძლია, როგორც ჟიურის წევრს. მაინტერესებს თანამედროვე ახალგაზრდა ავტორების ნამუშევრების ჭრილი: თემები, რომლებსაც ისინი ახლა იღებენ, რა არის ახლა აქტუალური ახალგაზრდა ფოტოგრაფისთვის, როგორი აკეთებენ ამას. მოუთმენლად ველოდები ჟიურის მუშაობის დაწყებას“.
© photo: Sputnik / Ramil Sitdikov
/ 2023 წელს 18-დან 33 წლამდე ფოტოპროფესიონალებს ნამუშევრების წარდგენა რუსულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე შეუძლიათ კონკურსის ვებსაიტზე.
ნომინაციებისა და კატეგორიების რაოდენობა 2023 წელს კვლავაც უცვლელია: ოთხი ნომინაცია — „ტოპ ამბები", "სპორტი", "ჩემი პლანეტა" და "პორტრეტი; „ჩვენი დროის გმირი" და ორი კატეგორია — "ცალკეული ნამუშევარი" და "სერიები". თითოეულ ნომინაციაში თითო ნამუშევრისა და ერთი სერიის წარდგენაა შესაზლებელი. საკონკურსო ნამუშევრების მიღება 2023 წლის 28 თებერვლამდე გაგრძელდება.
კონკურსის საპრიზო ფონდი 2023 წელს იქნება 125, 100 და 75 ათასი რუბლი თითოეულ კატეგორიაში პირველი, მეორე და მესამე ადგილისთვის. სტენინის კონკურსის უმაღლესი ჯილდოს — გრან-პრის გამარჯვებული მიიღებს 700 ათას რუბლს.
ანდრეი სტენინის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეცხრე კონკურსი ასევე ინარჩუნებს მისი გამარჯვებულების საგამოფენო ტურების ტრადიციას რუსეთისა და უცხოეთის ქალაქებში. როუდ-შოუ საშუალებას აძლევს ახალგაზრდა ფოტოჟურნალისტებს, წარმოაჩინონ თავიანთი ნამუშევრები მთელ მსოფლიოში, მიაპყრონ ყურადღება ჩვენი დროის ყველაზე აქტუალურ პრობლემებსა და გამოწვევებს. კონკურსის გამოფენების გეოგრაფიამ 2014 წლიდან უკვე გააერთიანა ევროპის, აზიის, ლათინური ამერიკის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ორმოცზე მეტი ქალაქი.
კონკურსის შესახებ
ანდრეი სტენინის საერთაშორისო ფოტოჟურნალისტიკის კონკურსი, რომელიც ორგანიზებულია მედია ჯგუფ „როსია სეგოდნიას“ მიერ იუნესკოს რუსეთის კომისიის ეგიდით, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერასა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის გამოწვევებზე. ეს არის პლატფორმა ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის.
კონკურსის საერთაშორისო მედია პარტნიორები არიან: საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik (საერთაშორისო), ტელეარხი და პორტალი RT (საერთაშორისო), მედიაჰოლდინგი Independent Media (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), ახალი ამბების სააგენტო ANA (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), Shanghai United Media Group (ჩინეთი), გაზეთ China Daily-ს ინტერნეტპორტალი (ჩინეთი), გაზეთ The Paper-ის ინტერნეტპორტალი (ჩინეთი), მედიაქსელი Al Mayadeen (ლიბანი).