ვახტანგ ჭარაია: შუა დერეფანი მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის

სატრანზიტო ფუნქციის წყალობით, საქართველომ გასულ წელს მილიარდ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, განაცხადა ექსპერტმა
Sputnik
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. შუა დერეფანი საქართველოს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს ეკონომიკური მოგება, ასევე დაანახოს თავისი როლი ევროპას, რომელთანაც ქვეყანას უფრო მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის სურვილი აქვს, განაცხადა „ჯეოქეისის“ მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ვახტანგ ჭარაიამ.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს.
„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ეს დერეფანი გაზრდილი და გაძლიერებული ინფრასტრუქტურით არა მარტო სხვებს მოვახმაროთ ერთმანეთთან ვაჭრობისთვის, არამედ ჩვენ თვითონაც გამოვიყენოთ წარმოების განვითარებისთვის. სწორედ ეს უნდა იყოს ამის საბოლოო დანიშნულება“, – განაცხადა ჭარაიამ „პირველი არხის“ ეთერში.
ექსპერტის თქმით, შუა დერეფანი ვერ გაივლის მხოლოდ საქართველოზე, ეს შეუძლებელია გაკეთდეს აზერბაიჯანის გარეშე, ასევე კასპიის მეორე მხარეს მდებარე ქვეყნებმაც უნდა შეკრან გარკვეული ერთიანი სივრცე, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მიმზიდველი იქნება სატრანზიტო ტვირთების გამტანი კომპანიებისთვის.
„აგრეთვე, ევროპის მხარესაც უნდა იყოს მიმღები და შემდგომში გამანაწილებელი პუნქტების მზადყოფნა, რომ ეს ერთიანი ჯაჭვი აზიიდან ევროპის მიმართულებით, თუ პირიქით, მთლიანობაში შეიკრას“, – განაცხადა ჭარაიამ.
მისი თქმით, თავისი სატრანზიტო ფუნქციის წყალობით საქართველომ გასულ წელს ერთ მილიარდ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო და შესაძლებელია ამ რიცხვების მნიშვნელოვანი ზრდა.
„ეს არის ის ფული, რომელსაც საქართველო იღებს უბრალოდ იმიტომ, რომ ტვირთებს ატარებს. ეს ძალიან დიდი თანხაა და შესაძლებელია ამ რიცხვების ერთბაშად გაორმაგება არა, მაგრამ მნიშვნელოვანი ზრდა“, – განაცხადა ჭარაიამ.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე, ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით.
საქართველოს როლის გასაძლიერებლად, ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.