მსოფლიო დღეს

მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მემკვიდრეობით 1 მლნ დოლარი მიიღო და არმიას გადასცა

Sputnik
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ იანვარში 1 მილიონი დოლარის მემკვიდრეობა მიიღო, რომელიც არმიის საჭიროებებს შესწირა, იუწყება The New York Times.
გამოცემის ცნობით, ფული ზალუჟნის აშშ-ის მოქალაქემ გრეგორი სტეპანეცმა უანდერძა, რომელიც წარმოშობით უკრაინელია.
New York Times არ აკონკრეტებს, იცნობდა თუ არა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი სტეპანეცს, ჰქონდათ თუ არა ნათესაური კავშირი, ან იყო თუ არა ანდერძის პირობა, რომ თანხა არმიისთვის გადარიცხულიყო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების პრეს-სამსახურმა უკვე დაადასტურა ანდერძისა და არმიისთვის თანხის გადაცემის ფაქტი.
უკრაინის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, რომელსაც NYT ციტირებს, 2022 წელს კერძო პირებმა და ორგანიზაციებმა დაახლოებით 500 მილიონი დოლარი გაიღეს უკრაინის არმიის საჭიროებებისთვის. შედარებისთვის: ჰუმანიტარული დახმარების სახით შემოწირულობებმა 20 მილიონი დოლარი შეადგინა.
წყარო: New York Times