თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გეგმავს ახალი პროექტის დაწყებას, რომლის შედეგად 2023 წელს ტაძრებში ხატებთან განთავსდება ლოცვები ბრაილის შრიფტით, განაცხადეს სააგენტოს პრეს-სამსახურში.
პროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს შშმ პირებს, კერძოდ, უსინათლოებსა და მხედველობადაქვეითებულ მოქალაქეებს ტაძრებში ხატების ქვეშ განთავსებული ლოცვებისა და ტროპარ-კონდაკების წაკითხვასა და აღქმაში. პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე ბრაილის შრიფტით ლოცვები და ტროპარ-კონდაკები განთავსდება თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში.
პროექტის დაწყებისთანავე უსინათლოთა კავშირის წევრებს გადაეცემათ იმ ლოცვებისა და ტროპარ-კონდაკების სია, რომლის წაკითხვასაც ისინი შეძლებენ ბრაილის შრიფტით სამების საკათედრო ტაძარში.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ საქართველოს უსინათლოთა კავშირისა და თბილისის უსინათლოთა და მხედველობადაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის თქმით, რელიგიის სააგენტო მეექვსე წელია ახორციელებს სოციალურ პროექტს „უსინათლო და მხედველობადაქვეითებულ მოქალაქეთა მხარდასაჭერად“.
უსინათლოთა კავშირის წევრთა სურვილის გათვალისწინებით, სააგენტო 2020 წლიდან ბრაილის შრიფტით გამოსცემს ბიბლიის წიგნებს – ძველი აღთქმის ოთხი წიგნი „დაბადება“, „წიგნი გამოსვლათა“, „წიგნი ლევიტელთა“, „რიცხვთა“.
საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარემ სოფიკო ხუციშვილმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს და სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.