მსოფლიო დღეს

რომის პაპი: ჰომოსექსუალიზმი დანაშაული არ არის

Sputnik
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. კანონები, რომლებიც ჰომოსექსუალიზმის კრიმინალიზაციას ახდენს, უსამართლოა, განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკმა Associated Press-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ღმერთს „თავისი შვილები ისეთები უყვარს, როგორებიც არიან“, და მან ამგვარი კანონების მხარდამჭერ კათოლიკე ეპისკოპოსებს მოუწოდა, ლგბტ-თემის წარმომადგენლებს ეკლესიაში ისე მოექცნენ, როგორც ღმერთი ექცევა თავის შვილებს.
ამასთან რომის პაპს არ მიაჩნია, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაულია.

„იყო ჰომოსექსუალი — ეს არ არის დანაშაული. მაგრამ ეს ცოდვაა. მოდით, დანაშაული და ცოდვა ერთმანეთისგან გავმიჯნოთ. სხვათა შორის, ასევე ცოდვაა სხვა ადამიანისადმი გულმოწყალების არგამოჩენაც“, — თქვა ფრანცისკმა.

როგორც რომის პაპს მიაჩნია, კათოლიკურ ეკლესიას შეუძლია და უნდა იმუშავოს, რათა ის კანონები, რომლებიც ჰომოსექსუალისტებს დამნაშავეებად აცხადებს, საბოლოოდ გაუქმდეს.
„ეკლესიამ ეს უნდა გააკეთოს; მან უნდა გააკეთოს ეს“, — განაცხადა პაპმა.
აღსანიშნავია, რომ 2008 წელს ვატიკანმა არ მოაწერა ხელი გაეროს რეზულიციას, რომელიც ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციისკენ მოუწოდებდა. მაშინ ვატიკანაში განაცხადეს, რომ რეზოლუციის ტექსტი თავდაპირველ შინაარსს აცდენილი იყო და შეიცავდა ისეთ ფორმულირებებს „სექსუალური ორიენტაციისა“ და „გენდერული იდენტობის“ შესახებ, რომელიც ვატიკანს პრობლემურად მიაჩნდა. თუმცა აქვე მოუწოდა ქვეყნებს, თავი აერიდებინათ გეების „უსამართლო დისკრიმინაციისთვის“ და გაეუქმებინათ მათ წინააღმდეგ მიღებული სანქციები.
წყარო: Associated Press