„სკოლა ჩემი ნავსაყუდელი, ჩემი მეორე ოჯახია. ის სულთა სამჭედლოა, სადაც მაქვს მთავარი პერსონის როლის შემსრულებლის პატივი“ – ამბობს ნინოწმინდის საჯარო სკოლის დირექტორი ლია შენგელიძე. მანამდე ის 22 წლის განმავლობაში იყო სოფელ ყანდაურის საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
ქალბატონი ლია პოეზიასთანაც მეგობრობს და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია. ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა მრავალპროფილიანმა საერთაშორისო აკადემიამ, რომლის წევრიცაა თავად, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის იაკობ გოგებაშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია მიანიჭა.
- ქალბატონო ლია, სანამ დირექტორი გახდებოდით, სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდით, რა შეგძინათ იმ პერიოდმა?
- როცა 22 წლისამ მშობლიურ ყანდაურის საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, ჩემი ცხოვრებისეული გამოცდაც მაშინ დაიწყო.
იმ სკოლაში „სულიერი მწვრთნელის“ პირველი და ამასთანავე წარმატებული ნათლობა მივიღე. გაკვეთილებზე შოთას, ილიას, აკაკის, ვაჟასა და სხვა კლასიკოსთა შემოქმედების გაცნობა-განხილვამ, მათში განფენილმა ეროვნულმა ღირებულებებმა მე და ჩემი მოსწავლეები სულიერი ძაფებით დაგვაკავშირა ერთმანეთს. დღეს სკოლის გარეშე არსებობა წარმოუდგენლად მიმაჩნია. ბავშვები — ეს მთელი სამყაროა და მის სიახლოვეს ბედნიერი ვარ.
- სკოლის დირექტორობა ალბათ გაორმაგებული პასუხისმგებლობაა?
- ნინოწმინდის საჯარო სკოლას, სადაც 220 მოსწავლეა, თავისი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო კულტურა აქვს. აქ ასწავლიან პროფესიონალი პედაგოგები. მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობენ და იმარჯვებენ სხვადასხვა პროექტებში. სკოლა გამორჩეულია ინკლუზიური სწავლების კუთხითაც. ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს პროფესიონალი პედაგოგი მარიამ ყორღანაშვილი. გვაქვს კეთილმოწყობილი, შესაძლებლობების ფარგლებში, სათანადოდ აღჭურვილი სპეციალური ოთახი.
- თქვენი მასწავლებლობის დროინდელ რაიმე უჩვეულო შემთხვევას ხომ ვერ გაიხსენებთ?
- სკოლაში ორი თვის მისული ვიყავი. მეშვიდე კლასში გაკვეთილზე დედა და დირექტორი დამესწრნენ. გაკვეთილის თემა იყო ვაჟა-ფშაველას მოთხრობა „ხმელი წიფელი“. ვღელავდი, ვცდილობდი როგორმე თავი ხელში ამეყვანა, დედისკენ არ გამეხედა.მშობლის ფაქტორი განსაკუთრებით მოქმედებდა, მაფიქრებდა, როგორ შეაფასებდა გაკვეთილის მსვლელობას.
მაგრამ თანდათან ისე შევიჭერით როლებში, რომ მე და ჩემს მოსწავლეებს „სტუმრები“ გადაგვავიწყდა. მშვენიერი გაკვეთილი გამოვიდა. როცა დედას შევხედე, სახეზე სიხარული და კმაყოფილება შევნიშნე. დირექტორმა ძალიან შემაქო, დედამ კი ჩვეული სიტყვაძუნწობით ორიოდე სიტყვით მითხრა, ყოჩაღ, კარგად გიმუშავიაო.
განსაკუთრებული კმაყოფილება კი ეტყობოდათ ბავშვებს, რომლებმაც მთელი ძალისხმევა მიმართეს იქითკენ, რომ არ შერცხვენილიყვნენ. მერე მითხრეს, ძალიან მაგრები ვართ, მასწავლებელო, თქვენიანად სხვანაირად როგორ იქნებოდაო.
- პოეზია რა არის თქვენთვის?
- პოეზიას გატაცებას ვერ დავარქმევ, ის ჩემეულია — ჩემი სული, გული და გონებაა სამზეოს ნაზიარები. პოეზია ჩემი „მეორე მეა“, რომელიც უფალთან განსაკუთრებულ სიახლოვეს მაგრძნობინებს, ბედისწერასავით დამდევს და არასდროს მტოვებს. ბედნიერებაა, რომელსაც სახელს ვერ დავარქმევ.
ლექსებს ბავშვობიდან ვწერ, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში ვაქვეყნებდი. ისინი ხშირად იბეჭდებოდა რაიონული გაზეთის „ივრის განთიადის“ (ამ გაზეთის შტატგარეშე კორესპონდენტიც ვიყავი), „ლიტერატურული საქართველოსა“ და სხვა პერიოდული გამოცემების ფურცლებზე. ჩემი რამდენიმე ლექსი სიმღერადაცაა აჟღერებული.
აქტიურად ვთანამშრომლობ სხვადასხვა ლიტერატურულ ჯგუფებთან. ვარ ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემიის წევრიც. აკადემიის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობის ბარათი გადმომცეს.
- იქნებ, რომელიმე თქვენი ლექსი გააცნოთ მკითხველს...
- გავაცნობ ლექსს, რომელსაც ჰქვია „მე ვდუმვარ“:
„მე ვდუმვარ, მაგრამ ჩემი დუმილი
იმ ამოთქმულზე უფრო მეტია,
შენ რომ სიტყვებად გადამიშალე,
გულში რომ გრძნობად ვერ დაგეტია.
მე ვდუმვარ, როგორც შორი ვარსკვლავი,
ცაზე ციმციმით გადალეული,
და ამ დუმილით გიცხადებ გრძნობას,
გრძნობას, რომლითაც მე ვარ ძლეული“.
- რითი იწყება თქვენი დილა?
- ჩემი ყოველი დილა ყვავილებით იწყება. ისინი ჩემთვის ყოფითი ყოველდღიურობიდან ერთგვარი „ლირიკული გადახვევაა“. ყვავილების მოვლა, დარგვა-დათესვა დაღლილობისგან მათავისუფლებს. ჩემს ბაღში უამრავი ყვავილია, ძირითადად ვარდები. გამორჩევით მიყვარს და სიწმინდე-სინაზის ასოციაციას მიქმნის თეთრი ვარდი.
ყვავილები ფერებსა და სილამაზეში გამოხატული სამყაროა, საშუალებაა, რომელიც მამაღლებს და სასიცოცხლო ენერგიას მმატებს.
ნინო მამულაშვილი