თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. უკრაინული მხარე საქართველოში თავისი მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ვერანირ საფრთხეს ვერ ხედავს. აღნიშნული განცხადება გაკეთდა უკრაინაში საქართველოს ელჩის გიორგი ზაქარაშვილისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ევგენი პერებიინის შეხვედრისას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა და სოლიდარობა, უკრაინულმა მხარემ კი მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის, ისე მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
„სხვა დანარჩენთან ერთად, უკრაინის მხრიდან გამოითქვა მადლიერება უკრაინელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ უკრაინა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული მხარის მადლობელია უკრაინის მოქალაქეების საქართველოში მიღებისა და მათი დახმარების გამო, ხოლო საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და უსაფრთხოების რეალური რისკების მომატების შემთხვევაში საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვის შესაძლებლობას იმისთვის, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა უკრაინის მოქალაქეების საქართველოდან მასობრივი ევაკუაციის განსახორციელებლად.
ამ განცხადებას მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა და კასიანოვი განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ავიამიმოსვლის საკითხი
18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მალე საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. მმართველი პარტიის ლიდერები აღნიშნულს მიესალმებიან, პრეზიდენტი კი წინააღმდეგ გამოდის.
2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება. იმავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიახაზების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.
რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.