თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მართვას ამიერიდან ფრანგული კომპანია განახორციელებს

TAV Airports-ის მფლობელი, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს, ფრანგული კომპანია ADP ჯგუფი გახდა.
Sputnik
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ADP ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტ ედვარდ ორკრაიტთან შეხვედრისას შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები და საქართველოს აეროპორტების განვითარების სტრატეგია განიხილა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ფრანგულმა კომპანია ADP ჯგუფმა TAV Airports-ის აქციები იყიდა და, შესაბამისად, გახდა TAV Airports-ის მფლობელი, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს შვილობილი კომპანია TAV Georgia-ს მეშვეობით.
ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ისევე, როგორც ტურიზმის მზარდი დინამიკა ამბიციური გეგმების დასახვის შესაძლებლობას ქმნის. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში სერვისების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მნიშვნელობას.
ირაკლი ღარიბაშვილი ADP Group-ის ხელმძღვანელობას ხვდება
მხარეებმა ისაუბრეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიანი განვითარების გეგმაზე, რომელზე მუშაობაც დასრულების ფაზაშია. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობისთვის, მათ შორის, ახალი ავიახაზებისა და ახალი მარშრუტების სტიმულირების მიმართულებით.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმას, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდება.
ADP Group მართავს შარლ დე გოლის და ორლის აეროპორტებს საფრანგეთში.
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები - 2022 წლის მონაცემები >>
ასევე ADP ჯგუფი მართავს და ოპერირებას უწევს სხვადასხვა კონტინენტზე 20-ზე მეტ აეროპორტს. ADP ჯგუფის მართვაში არსებული აეროპორტები ცნობილია კვალიფიციური სერვისებით და სტაბილური განვითარებით.
ADP ჯგუფი (l’Aéroport de Paris) დაფუძნდა 1945 წელს. მისი მიზანია მგზავრებს მაღალი ხარისხის მასპინძლობის სტანდარტები და ხარისხიანი მოგზაურობა შესთავაზოს. ADP ჯგუფი, პარტნიორებთან ერთად, მომავლის აეროპორტებს აშენებს, რაც ეფუძნება ინოვაციებს, სტაბილურ განვითარებას, მრავალფუნქციურ და დახვეწილ სერვისებს.
TAV Georgia-ს საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო. ამჟამად მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე თანამშრომლობას ითვალისწინებს.
საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.
2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი.