თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უარყო ინფორმაცია რუსეთთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე.
სამშაბათს, 24 იანვარს, რუსული მედია იუწყებოდა, რომ სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმიროვმა გაავრცელა ინფორმაცია მოლაპარაკებების შესახებ შავი ზღვის გავლით საქართველოში სამგზავრო გადაზიდვების დაწყების შესახებ.
„მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას, ვაცხადებთ, რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლა არ აქვს. ამასთან, რუსულ მხარეს არ მოუმართავს ქართული მხარისათვის და შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია რა მოლაპარაკებაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.
დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალი, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს, სახმელეთო გზაა საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსის“ გავლით.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.
ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და ასევე იმ შეხვედრების ფარგლებში, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ გრიგორი კარასინს შორის იმართება პრაღაში 2012 წლიდან.