როდის შეარბილებს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას

გაურკვევლობა ჯერ კიდევ მაღალია და ფასების ტენდენციის პროგნოზების გაკეთება არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ძალიან რთულია, მიაჩნია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს
Sputnik
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. როდესაც ინფლაციის დონის შემცირება მდგრადი გახდება, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაზე ფიქრს დაიწყებს, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
2019 წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია. თუმცა 2021 წლის თებერვლიდან კვლავ დაიწყო ზრდა და დღეისათვის 11%-ის დონეზე რჩება.
„მას შემდეგ რაც უკვე დაინახავს ეროვნული ბანკი, რომ შემცირებადი ინფლაციის მიმართულება არის მდგრადი და მას საფრთხე არ ემუქრება, ანუ ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია, ამის შემდეგ შესაძლებელია საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე ფიქრი“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ გაურკვევლობა ჯერ კიდევ მაღალია და ფასების ტენდენციის პროგნოზების გაკეთება არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ძალიან რთულია.
„ის ტენდენცია, რომელიც არსებობს, ვფიქრობთ, რომ გაგრძელდება ჩვენი პროგნოზის მიხედვით. დაახლოებით თებერვლის თვიდან უნდა დავინახოთ ინფლაციის უფრო მეტად შემცირება და წლის მესამე კვარტალში ის უკვე მიუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს (3% - რედ.)“, - განაცხადა გვენეტაძემ.
წლიურმა ინფლაცია (2022 წლის დეკემბერი 2021 წლის დეკემბერთან შედარებით) 9,8% შეადგინა.
2022 წლის დეკემბერში, 2022 წლის ნოემბერთან შედარებით დეფლაციის დონემ 0,3% შეადგინა. ოქტომბერში თვიურმა ინფლაციამ 0,5% შეადგინა.