თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობა მიმდინარე წელს საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 14 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, აქცენტი გაკეთდება აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ბაზრებზე.
საქართველოს ხელისუფლება მრავალი წელია ცდილობს ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას და რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევას, თუმცა ქართული ნატურალური ყურძნის ღვინის ექსპორტის ძირითად ბაზარს კვლავ რუსეთი წარმოადგენს.
„საქსტატის" ცნობით, 2022 წელს ღვინის ექსპორტის მთლიანი მოცულობის 63,7% რუსეთზე მოდიოდა, სადაც 70 ათას ტონაზე მეტი ღვინო იქნა ექსპორტირებული.
„სტრატეგიულ ბაზრებზე სხვადასხვა მიზნობრივ ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციები განახორციელებენ. ქართველი მწარმოებლები მონაწილეობას მიიღებენ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
მსოფლიო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამა 2021 ამოქმედდა. მისი მიზანია ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება საერთაშორისო ბაზრებზე.
სააგენტოს ინფორმაციით, 14 მლნ ლარიდან 2 მლნ ლარი მოხმარდება „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას“, რომლის ფარგლებში მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსება განხორციელდება მხოლოდ იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ექსპორტს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ, გარდა დსთ-ის ქვეყნებისა, და ამასთან აკმაყოფილებენ პროგრამით განსაზღვრულ სხვა პირობებს.
მიმდინარე წელს პირველი ღონისძიება, სადაც ქართული ღვინო იქნება წარმოდგენილი, საერთაშორისო გამოფენა VinExpo Paris იქნება, რომელიც პარიზში 13-15 თებერვალს გაიმართება. გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო მსოფლიოს ყველა დიდ საერთაშორისო გამოფენაზე და ფესტივალზე.