"ყველაფერში რუსეთია დამნაშავე", ანუ როგორ მიაღწია ევროპამ ენერგოდამოუკიდებლობას

Sputnik
ვადიმ პავლოვი
რუსეთმა გერმანიას „გაზის სარქველი" გადაუკეტა, რუსეთმა აიძულა გერმანია, უარი ეთქვა „მწვანე დღის წესრიგზე“ და ხელახლა აემუშავებინა ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები, რუსეთმა გამოიწვია ენერგეტიკული კრიზისი, მაგრამ ბერლინმა გადალახა ყველა სირთულე და წარმატებით ხდება რუსეთის ენერგომომარაგებისგან დამოუკიდებელი.
დაახლოებით ასე ფიქრობს გერმანიის ვიცე-კანცლერი, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრი რობერტ ჰაბეკი.

სატირალი დღესასწაული

გასულ პარასკევს ქალაქ ბრუნსბიუტელში (ჩრდილო-დასავლეთ გერმანია) თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) უკვე მესამე მცურავი ტერმინალის დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა. გერმანიის სანაპიროებს წელს კიდევ ორი უნდა მიადგეს.
ყველა მათგანს გერმანიის ხელისუფლება ქირაობს საკმაოდ ძვირად – ღია წყაროების თანახმად, მხოლოდ ერთი ასეთი მცურავი პლატფორმის დაქირავება დღეში დაახლოებით 200 ათასი ევრო ჯდება (პლუს საექსპლუატაციო ხარჯები). საკუთარი სახმელეთო ტერმინალები, გერმანული პროგნოზების მიხედვით, ქვეყანას მხოლოდ 2026 წლისთვის ექნება.
ქვანახშირსა და მაზუთზე მომუშავე ელექტროსადგურების ხელახალ გააქტიურებასთან და სამი ატომური ელექტროსადგურის გაჩერების გადადებასთან ერთად, ამან გერმანიას საშუალება მისცა, მიეღწია რუსეთისგან სრული ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის. ყოველ შემთხვევაში, ასე განაცხადა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა.
გერმანიაში არსებულ გემებს ამჟამად 14 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიღება შეუძლიათ წელიწადში. თუმცა, როგორც რობერტ ჰაბეკმა აღნიშნა, ეს მოცულობები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი.

„ახლა მანამდელი მოცულობის ნახევარიც არ გვაქვს. სამი ახალი LNG ტერმინალი ძველი მოცულობის, 55 მილიარდი კუბური მეტრის დაახლოებით მეოთხედს მოგვცემს“, – განაცხადა მწვანეთა პარტიის წარმომადგენელმა.

ადვილი მისახვედრია, რომ ამ ყველაფერში რუსეთია დამნაშავე – დაწყებული „მწვანე ენერგოტრანზიციის“ ჩაშლიდან და ქვანახშირის ქარხნების ხელახალი გააქტიურებიდან, დამთავრებული ენერგეტიკული კრიზისითა და სხვა პრობლემებით.
„გერმანიის მთლიანი გაზის მიწოდების ნახევარი დარღვეულია, რადგან პუტინმა გაზის სარქველი გადაკეტა და მილსადენი ახლა გამოუსადეგარია. ეს ნიშნავს იმას, რომ მილსადენი ხილულ პერსპექტივაში არ იმუშავებს“, – თქვა რობერტ ჰაბეკმა.

ვინ გადაკეტა სარქველი სინამდვილეში?

გერმანიაში კლიმატურ დღის წესრიგზე უარის გასამართლებლად რობერტ ჰაბეკმა რუსეთი დაადანაშაულა.
აბა, ხომ არ შეიძლება, რომ უწყვეტმა ყვირილმა კლიმატის ცვლილებაზე და „მწვანე ენერგეტიკაზე“ გადასვლის აუცილებლობაზე, რისი დახმარებითაც ამჟამინდელმა მთავრობამ მანამდე მმართველი კოალიციის დამარცხება მოახერხა მერკელის მეთაურობით, მხოლოდ ყვირილად რჩებოდეს?
ხომ არ შეიძლება, რომ გერმანიის ახალ ხელისუფლებას, რომელმაც თითქმის აიძულა დანარჩენი ევროპა კლიმატის დღის წესრიგს მიჰყოლოდა, ძვირადღირებული ზომები გაეტარებინა კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად, ყველა მოეტყუებინა — ეკოლოგებიდან და „მწვანე" აქტივისტებიდან“ რიგით მოქალაქეებამდე, რომლებმაც ხმა მისცეს ამ პოლიტიკოსებს, ახლა კი ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურების გახსნასა და გათბობისა და ელექტროენერგიის უზარმაზარ გადასახადებს ხედავენ?
თუ მაინც შეიძლება?
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-გერმანიის ენერგეტიკული თანამშრომლობის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში რუსეთის ფედერაციას (და უფრო ადრე სსრკ-ს) არასოდეს დაურღვევია თავისი ვალდებულებები და ყოველთვის ასრულებდა ენერგორესურსების მიწოდების ყველა დადებული ხელშეკრულების პირობებს.
რუსეთს არასოდეს აუყვანია გერმანია „ენერგეტიკულ მძევლად“, როგორც ეს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. მოსკოვი არ ერეოდა ექსპორტიორების დივერსიფიკაციაში გერმანიის ენერგეტიკულ ბაზარზე (მათ შორის LNG ტერმინალების მშენებლობაში), რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა, წინააღმდეგობა არ გაუწევია "ენერგეტიკული საგზაო რუკა 2050“-სთვის, რომლის ფარგლებშიც გერმანია ნავთობსა და ქვანახშირზე უარის თქმას აპირებდა.
რუსეთის, როგორც პარტნიორის საიმედოობას ასევე ადასტურებს მის ტერიტორიაზე არსებულ ენერგეტიკულ პროექტებში არაერთი მსხვილი გერმანული კომპანიის შესვლაც. მათ შორისაა ისეთი „გიგანტები“, როგორიცაა Wintershall Dea, ასევე E.ON და Uniper. და ეს მხოლოდ გერმანელი მსხვილი მოთამაშეები არიან, მათ გარდა იყვნენ ავსტრიელი, ფრანგი, ბრიტანელი, ჰოლანდიელი მოთამაშეებიც.
მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსეთი უბრალოდ ავითარებდა ორმხრივ მომგებიან თანამშრომლობას და ამყარებდა პარტნიორულ ურთიერთობებს. გასულ წელსაც ყველაფერი ზუსტად ასე იყო – გაზის მიწოდების შემცირებაში დამნაშავე მხოლოდ დასავლეთია, კერძოდ კი გერმანია.
ჯერ კიდევ რუსული სპეცოპერაციის დაწყებამდე გერმანიამ მოგონილი მიზეზებით დაამუხრუჭა და განზრახ გადადო Nord Stream 2-ის სერტიფიცირება რამდენიმე თვით, საბოლოოდ კი შეაჩერა კიდეც 22 თებერვალს, რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებიდან მეორე დღეს.
გასულ ზაფხულს Nord Stream 1-მა მუშაობა შეზღუდვებით დაიწყო. მიზეზი ის იყო, რომ კომპანია Siemens ტურბინებს ვერ აბრუნებდა კანადიდან რუსეთში, ვინაიდან კანადამ „გაზპრომს“ სანქციები დაუწესა.
საბოლოოდ ტურბინა რუსეთში არ ჩამოვიდა — ორივე Nord Stream გასული წლის სექტემბერში ააფეთქეს. დასავლეთმა ვერ დააკავშირა რუსეთი დივერსიასთან, მაგრამ შვედმა გამომძიებლებმა შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ ეს ნამდვილად ტერორისტული თავდასხმა იყო. რუსეთს, სხვათა შორის, დიდი ხნის განმავლობაში ეუბნებოდნენ უარს გამოძიებაში დაშვებაზე. საინტერესოა, რატომ?
გერმანიისთვის რუსული გაზის მიწოდების კიდევ ერთი მარშრუტი (და მისი შემდგომი ტრანსპორტირებისთვის ევროპაში) იამალი-ევროპის გაზსადენია, რომელიც ბელარუსისა და პოლონეთის ტერიტორიებზე გადის. ის გასული წლის აპრილში შეჩერდა „სანდო“ გერმანელი პარტნიორისა და მეზობლის ნებით.
ვარშავამ მაშინ „გაზპრომი“ სანქციების სიაში შეიყვანა, რითაც რუსულ კომპანიას „ევროპოლ გაზს“ (იამალ-ევროპის გაზსადენის პოლონური მონაკვეთის მფლობელი) აქციონერის უფლებების განხორციელება და, შესაბამისად, დივიდენდების მიღება დაუბლოკა. ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ „გაზპრომი“ იძულებული გახდა შეეწყვიტა გაზის მიწოდება პოლონეთის გავლით.
ერთი თვის შემდეგ, მაისში პოლონეთის კვალს უკრაინაც მიჰყვა. კიევმა ტრანზიტული გაზის მიღება შეწყვიტა რუსეთიდან „სოხრანოვკას“ სადგურზე და მხოლოდ სადგური „სუჯა“ დარჩა ევროპაში მიწოდებისთვის.
ამის მიზეზად უკრაინამ ფორსმაჟორული მდგომარეობა დაასახელა, რომელიც კიევის მიერ იმ ტერიტორიაზე კონტროლის დაკარგვის გამო მოხდა, სადაც სადგურ „ნოვოპსკოვის“ საკომპრესორო სადგური მდებარეობს და რომლის მეშვეობითაც რუსული გაზის თითქმის მესამედის ტრანზიტი ხორციელდება ევროპაში.
ამით უკრაინამ ცალმხრივად შეამცირა ევროპისთვის გაზის მიწოდება თავისი ტერიტორიის გავლით.
და არანაირ რობერტ ჰაბეკს მაშინ არანაირი განცხადება არ გაუკეთებია, რომ უკრაინის ქმედებების გამო გერმანია იძულებულია უარი თქვას „მწვანე“ პოლიტიკაზე, რომ მის მოქალაქეებს უკრაინის გამო უწევთ უზარმაზარი გადასახადების გადახდა.
ამის პარალელურად „არასანდო“ რუსეთი კვლავაც აგრძელებს ევროპისთვის გაზის მიწოდებას უკრაინის „სუჯას“ სადგურის გავლით. მყიდველებს არც „თურქულ ნაკადთან“ დაკავშირებით აქვთ რაიმე პრეტენზია — გაზი რეგულარულად მიეწოდება მომხმარებლებს, როგორც ეს ხელშეკრულებებით არის გათვალისწინებული (თუმცა მის აფეთქებასაც შეეცადნენ).

რით იცვლება რუსული გაზი?

ფედერალური სტატისტიკური სამსახურის Destatis მონაცემებით, დღეს გერმანიაში ელექტროენერგიის მესამედზე მეტი ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებით იწარმოება. სამომავლოდ კი ენერგეტიკული კომპანიები, Bloomberg-ის ცნობით, წარმოების გაზრდას ელოდებიან. ძალიან „მწვანე“ გამოდის — ზუსტად ისე, როგორც რობერტ ჰაბეკი ჰპირდებოდა მოსახლეობას ხელისუფლებაში მოსვლამდე!
რუსული მიწოდების ჩანაცვლებაში გერმანიის „წარმატების“ კიდევ ერთი კომპონენტია გაზის შესყიდვების ზრდა სხვა ქვეყნებში, პირველ რიგში ნორვეგიაში, ნიდერლანდებსა და აშშ-ში.
ამ ყველაფერთან ერთად გასულ წელს გერმანიაში გაზის მიწოდების მეხუთედი (22%), გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოს (ადგილობრივი მარეგულირებელი) მონაცემებით, მაინც კვლავ რუსეთზე მოდიოდა. ეს რუსეთს მეორე ადგილზე აყენებს გერმანიისთვის გაზის ყველა მიმწოდებელს შორის.
გერმანიისა და ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნების ხარჯზე ნორვეგიამ და ნიდერლანდმა მნიშვნელოვნად გაზარდეს წარმოება, ხოლო აშშ LNG-ს უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა მსოფლიოში.
თუმცა ნორვეგია უკვე სიმძლავრის ლიმიტის (120-122 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში) ზღვარზე მუშაობს და ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმოების მოცულობის გაზრდას შეძლებს. როგორც მოსალოდნელია, მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში წარმოების დონე არ გადააჭარბებს შარშანდელ დონეს, შემდეგ კი კლებას დაიწყებს.
ნიდერლანდი კი დასავლეთ ევროპის უდიდეს საბადო გრონინგენში მოპოვებების შეჩერებას გეგმავს არაუგვიანეს მომავალი წლის ოქტომბრისა მიწისძვრების გამო. თავად ქვეყანა გაზის შესყიდვას ნორვეგიიდან, ასევე კატარიდან და შეერთებული შტატებიდან აპირებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნებიდან გერმანიისთვის მოცულობები, შესაძლოა, საგრძნობლად შემცირდეს უახლოეს მომავალში.
აშშ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი LNG მიმწოდებელი გახდა, აშკარად არის გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ყველაზე დიდი ბენეფიციარი. შტატებმა LNG-ს ექსპორტი მხოლოდ 2016 წელს დაიწყეს და ასეთ მოკლე დროში, რუსეთ-გერმანიის თანამშრომლობისთვის კვანტის დადებით, რეალურად მოიპოვეს ევროპული ბაზარი.
გასული წლის იანვარ-ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა ევროპას მიაწოდა 52 მილიარდი კუბური მეტრი LNG, რამაც ექსპორტი თითქმის 2,5-ჯერ გაზარდა. რუსეთმა ასევე გაზარდა LNG-ს მიწოდება ევროპაში – გასული წლის 11 თვეში 19,4 მილიარდ კუბურ მეტრამდე, მაგრამ რატომღაც ევროკავშირს ურჩევნია ამაზე ზედმეტად არ ისაუბროს.
აქ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ როგორ მუშაობს LNG ბაზარი: თხევადი ბუნებრივი აირის შემოდინება ევროპაში გასულ წელს უზრუნველყოფილი იყო განსაკუთრებით მაღალი ფასით ადგილობრივ ბაზარზე – უფრო მაღალით, ვიდრე აზიაში, რომელიც ტრადიციულად ყიდულობს ამ პროდუქტის მოცულობის დიდ ნაწილს. მაგრამ როცა ამ ბაზრებზე ფასები თანაბრდება, მაშინ თხევადი ბუნებრივი აირის აღმოსავლეთისკენ გადინება იწყება.
და ეს პროცესი, როგორც ჩანს, უკვე დაწყებულია. მაგალითად, როგორც სააგენტო Platts წერს, თუ 2022 წლის მეოთხე კვარტალში LNG-ს საშუალოდ 70% იყო ექსპორტირებული აშშ-დან ევროპაში, აზიაში კი 22%, იანვრის 20 დღის შემდეგ ეს თანაფარდობა 64%-ით შეიცვალა 29%-ის საპირისპიროდ.
ანუ, ჩვენ ყველანი გავხდით ევროპაში გაზის ფასების კლების მოწმე ბოლო კვირების განმავლობაში და თხევადი ბუნებრივი აირის მომწოდებლები მაშინვე მიხვდნენ, რომ დროა გაზი იქით გადამისამართდეს, სადაც უფრო ძვირია.
სად იპოვის ევროპა და კონკრეტულად გერმანია აზიაში „გაცურებული“ LNG-ს მოცულობების შემცვლელს, საიდუმლოდ რჩება. მსოფლიოში არც ისე ბევრი თავისუფალი LNG-ა. ბაზარზე მისი მოცულობისთვის ბრძოლა მიდის და ის იმარჯვებს, ვინც ყველაზე მეტს იხდის.
ამ მხრივ უფრო სანდო მიმწოდებელი იყო „გაზპრომი“, რომელიც გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებას სთავაზობდა მილსადენის გაზის მიწოდებაზე. მაგრამ ევროპამ (და მათთან ერთად ვაშინგტონმაც) ბოლო წლებში მკაფიო პოზიცია დაიკავა, რომ არ ღირს ასეთი კონტრაქტების გაფორმება – მათი თქმით, აუცილებელია საბაზრო ფასებზე ფოკუსირების მიმართულებით წასვლა.
სამაგიეროდ ახლა ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ აშშ-ის ევროპაში ექსპანსიის ახალ რაუნდს: იანვრის შუა რიცხვებში უმსხვილესმა ამერიკულმა გაზის კომპანია EQT-მ ევროპას გრძელვადიანი კონტრაქტების დადება შესთავაზა LNG-ს მიწოდებაზე. მან გამოთქვა მზადყოფნა, ევროკავშირის ქვეყნებს გაზი თითქმის ორჯერ იაფად მიაწოდოს, ვიდრე მიმდინარე საბაზრო ფასებია.
ევროპული ბიზნესის შეერთებულ შტატებში გადატანის ფონზე, სადაც ენერგეტიკული კრიზისის, გაზის მაღალი ტარიფისა და სხვა პრობლემების ნაცვლად, მათ იაფ „ცისფერ საწვავსა“ და საკმაოდ სერიოზულ საგადასახადო შეღავათებს ჰპირდებიან, ევროპის ტრანსფორმაცია შტატების სრულფასოვანი კოლონიად აღარ ჩანს „რუსული პროპაგანდის გამოგონებად“.
და როდესაც ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამაყად იკვეხნის, რომ ევროკავშირმა მოახერხა რუსული მილსადენის გაზის 80%-ის ჩანაცვლება, ძალიან იტყუება. გასული წლის განმავლობაში მოთხოვნის ვარდნა დაახლოებით 60 მილიარდი კუბური მეტრით დაბალი მოხმარების გამო არ არის ევროკომისიის გამარჯვება რუსეთთან წარმოსახვით ენერგეტიკულ ომში.
ეს გადაქაჩვებისა და მოხმარების (შესაბამისად, ეკონომიკის) ბუნებრივი ვარდნაა ევროპის ხელისუფლების მხრიდან ენერგეტიკულ კრიზისზე ადეკვატური რეაგირების არარსებობის პირობებში.
იგივე ეხება გერმანიასაც, რომელმაც „რუსული მიწოდებები ჩაანაცვლა“.

გერმანიის დეინდუსტრიალიზაცია

სანამ გერმანია ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებთან ერთად წარმატებებით ამაყობს ენერგეტიკულ ფრონტზე ბრძოლაში, მათი მთავარი დასავლელი მოკავშირე (ან მეუფე) ევროპის "დაპყრობას" განაგრძობს.
ამერიკის ხელისუფლება სისტემატურად იზიდავს გერმანელ მწარმოებლებს სხვადასხვა ინდუსტრიებიდან, სთავაზობს სხვადასხვა საგადასახადო შეღავათებს, მუშახელის დაბალ ღირებულებასა და იაფ ენერგიას იმ პრობლემებისა და დიდი გადასახადების ნაცვლად, რომლებიც ამჟამად აქვთ გერმანიაში.
როგორც შარშან იტყობინებოდა გერმანული საქმიანი გაზეთი Handelsblatt, მხოლოდ ოკლაჰომაში (აშშ) 60-მდე გერმანული კომპანია აპირებს გადასახლებას, მათ შორის ისეთი „გიგანტები“, როგორიცაა Volkswagen, Mercedes-Benz და Bayer.
და ძნელია ამ სურვილში კომპანიების დადანაშაულება. მაშინ, როცა საკუთარი „მწვანე“ მთავრობა კავშირებს წყვეტს რუსეთთან და ცდილობს ატომური და ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები დახუროს, გერმანელ მომხმარებლებს იაფ ენერგიას საკუთარი ხელით ართმევს. შტატები ზუსტად საპირისპიროს აკეთებს. მაგალითად, მხოლოდ 2024 წელს ჯორჯიაში ქსელს ორი ახალი ატომური ელექტროსადგური მიუერთდება.
გერმანული გამოცემა Manager Magazin-ის თანახმად, მრეწველობის წარმომადგენლების გამოკითხვის მიხედვით, გასული წლის ბოლოსთვის გერმანული კომპანიების დაახლოებით მეხუთედი ფიქრობდა წარმოების ქვეყნის გარეთ გადატანაზე. ცხადია, „მიგრანტი“ საწარმოების რაოდენობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ სიტუაცია არ გამოსწორდება. ამის წინაპირობები კი ჯერ არ ჩანს.
შეგახსენებთ, რომ შტატები არა მხოლოდ იზიდავს ევროპულ ბიზნესს ხელსაყრელი პირობებით, არამედ „ზეწოლას ახდენს“ ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკაზე კანონების მიღებით. მაგალითად, აგვისტოში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ინფლაციის შემცირების აქტს (IRA), რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მილიარდობით დოლარის შეღავათს ითვალისწინებს აშშ-ში პროდუქტების მწარმოებელი კომპანიებისთვის და განახლებადი ენერგიის წყაროების სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის.
მიაქციეს რა ყურადღება იმას, რაც ხდება, ევროპელმა ლიდერებმა თავს უფლება მისცეს, მორცხვი უთანხმოება გამოეხატათ ვაშინგტონის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე. ემანუელ მაკრონმა აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში გამოსვლისას განაცხადა, რომ IRA არის "სუპერ აგრესიული" საფრანგეთისთვის და შეიძლება დასავლეთის განხეთქილება გამოიწვიოს. მისი თქმით, ვაშინგტონს ამგვარად შეუძლია თავისი პრობლემების გადაჭრა "პარიზის ხარჯზე", და გადაწყვეტილების გადახედვა ითხოვა.
მაგრამ ისევ გერმანიას დავუბრუნდეთ. ის გერმანული კომპანიები, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, გადავიდნენ შტატებში (ან სხვაგან), უბრალოდ იხურება.
მაგალითად, გასულ წელს ავტონაწილების მწარმოებელმა BIA Forst-მა, Borges-მა და Dr. Schneider-მა, ტუალეტის ქაღალდის მწარმოებელმა, Hakle-მა, ფეხსაცმლის მწარმოებელმა Görtz-მა და ბევრმა სხვა კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადეს.
როგორც მანამდე Bloomberg წერდა, გერმანულ კომპანიებს გაზის დაზოგვის გზა პრაქტიკულად აღარ რჩებათ. გამოცემის ცნობით, მწარმოებელთა დაახლოებით 75%-მა, ენერგეტიკული კრიზისის მიუხედავად, შეძლო შეემცირებინა „ცისფერი საწვავის“ მოხმარება, მაგრამ ახლა ისინი იძულებული არიან, მხოლოდ წარმოების მოცულობების შემცირებაზე იზრუნონ. ცალკე აღინიშნა, რომ გამოკითხული კომპანიების 12,3%-მა დახურვა გადაწყვიტა ენერგიაზე მაღალი გადასახადის გამო.
ენერგეტიკის სექტორში არსებული მდგომარეობა კი არა მხოლოდ წარმოებაზე, არამედ რიგით მოქალაქეებზეც მოქმედებს. გერმანული გაზეთი Die Zeit-ის ცნობით, გერმანიის მცხოვრებთა ნახევარზე მეტი იძულებული გახდა სერიოზულად შეეზღუდა ხარჯები ფასების უპრეცედენტო ზრდის გამო.
და ამ ყველაფერში დამნაშავე, რობერტ ჰაბეკის თქმით, რუსეთია. აპირებს თუ არა ვიცე-კანცლერი ხელისუფლებაში კოლეგებთან ერთად დამნაშავეთა ძებნას საჭირო ადგილზე, ან, რაც კიდევ უფრო გონივრული იქნება, სიტუაციის გაანალიზებასა და მუშაობის დაწყებას მის გამოსასწორებლად, უცნობია.
ამიტომ გერმანიის მოქალაქეებსა და ბიზნესს დღეს ჰყავთ „მწვანე“ რობერტ ჰაბეკი – ყველაფერ იმის მძაფრი მოწინააღმდეგე, რაც ზიანს აყენებს კლიმატსა და გარემოს, დგას ნახშირის მთების ფონზე და ამბობს, რომ ის და ხელისუფლება კი არ არიან პრობლემებში დამნაშავე, არამედ რუსეთი. ის რუსეთი, რომელსაც არასოდეს დაურღვევია ენერგორესურსების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებები ბოლო ათწლეულების განმავლობაში და დღემდე აგრძელებს მათ მიწოდებას დარჩენილი მოქმედი მარშრუტებით.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე