პრემიერ-მინისტრი საგარეჯოში დაღუპული პოლიციელის პანაშვიდს დაესწრო

სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული ოთარ ღვინაშვილი 38 წლის იყო.
Sputnik
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგარეჯოს რაიონული სამმართველოს გარდაცვლილი თანამშრომლის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტის ოთარ ღვინაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა, ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
პრემიერთან ერთად ოთარ ღვინაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
ოთარ ღვინაშვილის პანაშვიდი
20 იანვრის ღამეს საგარეჯოში ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ, 48 წლის ნოდარ ათუაშვილმა ავტომატით ცეცხლი გახსნა მოქალაქეების მისამართით. სროლის შედეგად ღვინაშვილის გარდა კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა. ხუთი პირი დაიჭრა, ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მედიის ინფორმაციით, პოლიციელი ერთ-ერთ მოქალაქეს გადაეფარა, თავად კი დაიღუპა.
ოთარ ღვინაშვილის პანაშვიდი
„მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. პრემიერი ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში მთავრობის წევრებთან ერთად მივიდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, იმ ღამით როცა შსს-ში შევიდა შეტყობინება საგარეჯოში სროლის შესახებ, 38 წლის ოთარ ღვინაშვილი კოლეგასთან ერთად შემთხვევის ადგილზე მივიდა.
გამოძიების ცნობით, ხუთშაბათს, გვიან საღამოს 48 წლის ნოდარ ათუაშვილმა თავისი ბინის აივნიდან ავტომატით ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს, მოგვიანებით კი შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებსაც ესროლა. თავად ბრალდებულმა შემდეგ თავი მოიკლა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.
საქმეზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები, იკითხებიან მოწმეები.
წყარო - მთავრობის პრესსამსახური