თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყო, იუწყება დედაქალაქის მერია.
აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მელიქიშვილისა და ქეთევან დედოფლის გამზირებზე, ასევე კოსტავას ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
მელიქიშვილის გამზირზე 22 იანვრის 00:00 სთ-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის ქუჩიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.
ტრანსპორტის მოძრაობა 23 იანვრის 00:00-დან 06:00 საათამდე შეიზღუდება ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შეზღუდვის პერიოდში სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან გადაადგილება დასაშვები იქნება როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით). ავტომობილების მძღოლები ასევე იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.
საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება კოსტავას ქუჩაზეც. კერძოდ, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან გმირთა მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შეზღუდვა 24 იანვრის 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.
შეზღუდვის პერიოდში რუსთაველის გამზირიდან მიმავალი საავტომობილო ნაკადისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით, ხოლო ნ. ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.
მიმდინარე სამუშაოების პარალელურად საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.