თბილისი, 20 ინვარი — Sputnik. კომუნალური მომსახურების სექტორში მომუშავე კომპანიამ, რომელიც რეგულაციას დაარღვევს, უფრო მეტი ჯარიმა უნდა გადაიხადოს, ვიდრე ახლა იხდის, აცხადებენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკი).
გავრცელებული ინფორმაციით, სემეკი უკვე მუშაობს ენერგეტიკული კომპანიებისთვის ჯარიმების მაქსიმალური დონის გაზრდის თემაზე და ამ საკითხით საქართველოს პარლამენტს, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლომდე მიმართავს.
როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, მაღალი ჯარიმა ერთგვარი პრევენცია იქნება და კომპანიების მხრიდან დარღვევებს აღკვეთს.
„ზოგიერთი ტიპის სამართალდარღვევისთვის ჯობს ჯარიმები იყოს უფრო მაღალი. ჯარიმას აქვს ორი მთავარი ფუნქცია და დატვირთვა და მათ შორის ერთ-ერთი არის პრევენციის ფუნქცია. ჯარიმა ფინანსურად უნდა იყოს ისეთი მოცულობის, რომ პოტენციურ დამრღვევს სურვილი არ გაუჩნდეს, რომ ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კანონმდებლობა და სემეკის მიერ დადგენილი წესები დაარღვიოს“, — განმარტა ნარმანიამ.
მისი თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც სემეკმა მაქსიმალური ჯარიმა დააკისრა დამრღვევს, მაგრამ ამით დარღვევის ანაზღაურება ვერ მოხდა, ვინაიდან მისი მოცულობა კიდევ უფრო მეტი იყო.
ნარმანიას თქმით, სემეკი დღეისათვის მოქმედი ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის გაორმაგებას მოითხოვს. ენერგეტიკის სექტორში დარღვევისთვის ამ დროისათვის მაქსიმალური ჯარიმა 75.000 ლარია.