სამართალდამცველებმა 2022 წელს დაახლოებით 3 მლნ ლარის უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.
Sputnik
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 2022 წლის დეკემბერში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი გამოავლინეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულის სახით 14 პირი პასუხისგებაშია მიცემული, მათგან 6 პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 18.052 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 90 ათას ლარს აღემატება.
„2022 წლის განმავლობაში ხსენებული დანაშაულებრივი ქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო 326 საქმეზე, დანაშაულში მხილებულ იქნა 308 პირი, ჯამში ამოღებულია დაახლოებით 3 მლნ ლარის ღირებულების 587.655 კოლოფი უაქციზო სიგარეტი“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის თანახმად, დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.