არ ეწინააღმდგება რუსეთის ბირთვულ დოქტრინას: კრემლი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა

Sputnik
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. დმიტრი მედვედევის განცხადება, რომ ბირთვული სახელმწიფო რუსეთის ჩვეულებრივ ომში დამარცხებამ შესაძლოა ბირთვული ომის დაწყება გამოიწვიოს, სრულად შეესაბამება რუსეთის ბირთვულ დოქტრინას, განაცხადა კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მედვედევმა ეს განცხადება დავოსის ეკონომიკური ფორუმის ზოგი მონაწილის საპასუხოდ გააკეთა, რომელთა აზრითაც, უკრაინაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ რუსეთის დამარცხების შემდეგაა შესაძლებელი.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა მედვედევის განცხადება იმას, რომ რუსეთი მზადაა გამოიყენოს ბირთვული იარაღი, ან შეცვალოს დოქტრინა, პესკოვმა უპასუხა:

„არა. ეს საერთოდ არ ნიშნავს ამას. ეს სრულად შეესაბამება ჩვენს ბირთვულ დოქტრინას. წაიკითხეთ ბირთვული დოქტრინა. ამაში არანაირი წინააღმდეგობა არ არის“.

მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა იმედი გამოთქვეს, რომ უკრაინის საკითხებში საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც 20 იანვარს გაიმართება რამშტაინის სამხედრო ავიაბაზაზე (გერმანია), კიევისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემის საკითხი დადებითად გადაწყდება.