დღეს სხვა სიტუაციაა და ამ საკითხისადმი დამოკიდებულებაც, საბედნიეროდ, შეიცვალა. თანაც, მოგეხსენებათ, თანამედროვე ბავშვს ვერც აიძულებ, რომ სურვილის გარეშე რამე შეისწავლოს. ყველა შემთხვევაში კი მასწავლებლის როლია მაინც განმსაზღვრელი. კარგმა პედაგოგმა შეიძლება ისე იმოქმედოს, რომ ბავშვს გამები, სოლფეჯიო და კლასიკური მუსიკაც შეაყვაროს და თან დახვეწილი გემოვნებაც ჩამოუყალიბოს...
ასეთი პედაგოგების რიცხვშია გიული გიორგაძე, რომელსაც საჯარო სკოლასა და საბავშვო მუსიკალურ სტუდიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. დღეს ის კერძო გაკვეთილებს ატარებს.
- ქალბატონო გიული, თავის დროზე, სავარაუდოდ, მუსიკის კარგი მასწავლებელი გყავდათ...
- დიახ, ჩემი პირველი მასწავლებელი საოცარი ადამიანი ლიანა ფირალიშვილი იყო. ის უდიდესი მოთმინებითა და სიყვარულით მიხსნიდა და მასწავლიდა ნოტებს, მანვე მაზიარა ბგერების ჰარმონიას.
მართალია, თავად ლმობიერი პიროვნებაა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ მკაცრი და მომთხოვნიც ყოფილიყო, რაც, ჩემი აზრით, აუცილებელია წარმატების მისაღწევად.
ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ. ჩემი პირადი მაგალითიდან გამომდინარე, უკვე ვიცი, რომ მასწავლებელი უდიდეს როლს ასრულებს მოსწავლის გემოვნების ჩამოყალიბებასა და მის განვითარებაში.
- ოჯახური გარემოც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თქვენს მაგალითზე რას იტყვით?
- მართლაც ასეა. მე დედა პედაგოგი მყავს. ღრმა ბავშვობაში, შესაძლოა, პირველ რიგში, სწორედ მან იქონია გავლენა, რომ მუსიკით დავინტერესებულიყავი და მომავალი პროფესიაც ამის გათვალისწინებით ამერჩია. სერიოზული მუშაობა და შეხება მქონდა მუსიკასთან მაშინაც, როცა ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი.
- ბავშვი რომ მუსიკით დააინტერესო, ამოსავალი მაინც რა არის?
- მთავარი ფაქტორი, რომ მოსწავლე მუსიკით დააინტერესო, ისაა, რომ დაანახო, თავად როგორ გიყვარს მუსიკალური ხელოვნება და საქმე, რომელსაც აკეთებ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბავშვი არ დაძაბო და მას სიმშვიდისა და კეთილგანწყობის განცდა შეუქმნა, რათა მან შენ გაკვეთილზე და ინსტრუმენტთან თავი კომფორტულად იგრძნოს.
ბავშვს მცირე ასაკიდან უნდა მოვასმენინოთ გემოვნებიანი მუსიკა, რათა კარგი გემოვნება ჩამოვუყალიბოთ.
- ალბათ რეპერტუარსაც აქვს მნიშვნელობა...
- დიახ, რეპერტუარის შედგენა საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა, რადგან გასათვალისწინებელია ბავშვის უნარ-შესაძლებლობები და დროც, რაც თანამედროვე ბავშვებს ძალიან ცოტა აქვთ.
სამწუხაროდ, დღევანდელმა რეალობამ და ყოფითმა პრობლემებმა ბავშვების ინტერესი უკანა პლანზე გადასწია, ამიტომ ძალიან მიხარია, როცა მშობელი მაინც ახერხებს, რომ დაინტერესებული ბავშვი მუსიკაზე ატაროს. მოსწავლის ნებისმიერი, თუნდაც მცირე წარმატება და სიხარული მასწავლებლისთვის უდიდესი ბედნიერებაა. ამიტომ ჩემი მოსწავლეების ყველა გამოსვლა უკვე წარმატებად მიმაჩნია.
- ხშირად მსმენია, რომ საკმაოდ რთულია საბავშვო სიმღერების წერა, თუმცა ქართველებს, საბედნიეროდ, ბევრი კარგი საბავშვო კომპოზიტორი გვყავს...
- დიახ, საქართველოში საბავშვო სიმღერების ბევრი კარგი ავტორია. შესაბამისად, რთულია გამოარჩიო და მოსწავლეს რომელიმე კონკრეტული ავტორი შესთავაზო. ამიტომ მირჩევნია ერთად მოვუსმინოთ ამა თუ იმ სიმღერას და ის ბავშვის მოთხოვნისა და გემოვნების შესაბამისად შევარჩიო. ამით, რა თქმა უნდა, ბავშვსაც სწავლისადმი უფრო მეტ ენთუზიაზმსა და ინტერესს უჩენ.
არსებობს ასეთი გამოთქმა: „ბავშვისთვის რომ წერო, უნდა წერო უფროსებისთვის, მაგრამ უფრო კარგად“. თანამედროვე ბავშვის მრავალფეროვანი ფანტაზიის დაკმაყოფილება არაა მარტივი ამბავი.
- მუსიკალური სამყარო სავსეა თანმდევი საოცარი ამბებით, რაიმე თუ გახსენდებათ?
- თქვენს კითხვაზე ერთი ახალი ამბავი გამახსენდა. მე მყავს არაჩვეულებრივი მოსწავლე, ძალიან ნიჭიერი, მაგრამ ცოტა უცნაური ბავშვი გიორგი ოდიკაძე, რომელიც ბავშვობაში ძილის წინ, თურმე, ყოველთვის ერთ რომელიღაც მუსიკას უსმენდა. ის მუსიკა ჩამონტაჟებული იყო მის საწოლზე და როგორც კი წვებოდა დასაძინებლად, ისიც ავტომატურად ირთვებოდა.
გიორგიმ მითხრა, რომ ის მელოდია დღემდე ახსოვს და ენატრება. ერთხელაც ბავშვმა, რომელიც შვიდი წლისაა, იმ მუსიკის დაკვრა მოინდომა. მისი თქმით, ეს ძალიან ლამაზი მელოდია იყო. დავიწყეთ „ამოცნობა“, თუ რომელ მუსიკაზეა საუბარი. რამდენიმე ნაწარმოები შევასრულე და ერთ მათგანზე მან უცებ სიხარულით წამოიძახა – აი, ეს სწორედ ის მუსიკააო. მოკლედ, ამოიცნო თავისი ბავშვობის მელოდია და ორივე ბედნიერები ვიყავით.
- და რა ნაწარმოებზეა საუბარი?
- ეს აღმოჩნდა ბეთჰოვენის „ელიზე“. ამის მერე მან სიხარულით და მონდომებით შეისწავლა ეს ნაწარმოები და სულ რაღაც ორიოდე გაკვეთილში უკვე კარგად უკრავდა. აი, ასეთი უცნაური ბიჭი და ამბავია.
ამ ბავშვს სამი წლის ასაკიდან ვიცნობ. სხვათა შორის, პანდემიამდე იგი ცალი ხელით დაკვრაში ვამეცადინე. როდესაც დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, აღმოჩნდა, რომ მან ორი ხელით დაკვრა უჩემოდ, დამოუკიდებლად ისწავლა. რანაირად მოახერხა, ვერ ვხვდები. ასეა, როცა მუსიკა გიყვარს, ის სასწაულებს ჩაგადენინებს...
- თქვენთვის რა იყო მუსიკა ან სიმღერა, რაც თქვენს ბავშვობასთან ასოცირდება?
- ჩემთვის მუსიკის აღქმა ქართული საბავშვო სიმღერებით იწყება. ბავშვობიდან გამოვარჩევდი არაჩვეულებრივი კომპოზიტორის მერი დავითაშვილის სიმღერას „ეს საწყალი კურდღელი", რომელსაც თავად ვასრულებდი და ძალიან მიყვარდა.
საერთოდ, მუსიკა ჩემთვის არსებობის წყაროა, ის მეხმარება, რომ ცხოვრებას მრავალი ფერი მივანიჭო ან სულ სხვა ფორმით დავინახო. რეალური სამყაროს აღქმა საკმაოდ რთულია მუსიკის გარეშე.
ნინო მამულაშვილი