რა დაავადებებია მოსალოდნელი სიბერეში სისხლის ჯგუფის მიხედვით: დადგენილია მეცნიერულად

Sputnik
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. მეცნიერული კვლევებით დადასტურდა, რომ სისხლის ჯგუფსა და გარკვეული დაავადებებისადმი მიდრეკილებას შორის კავშირი არსებობს.
უფრო მეტიც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერებმა მილიონობით პაციენტის სამედიცინო ანკეტები შეისწავლეს და დაადგინეს, რა დაავადებები შეიძლება დაემართოთ სიბერეში სხვადასხვა სისხლის ჯგუფის მქონეებს.
მაგალითად:
დანიელმა მკვლევარებმა, რომლებიც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ 66.000 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, აღმოაჩინეს, რომ II, III და IV სისხლის ჯგუფების მქონე ადამიანებს ღრმა ვენების თრომბოზის განვითარების რისკი 40%-ით მეტი აქვთ, ვიდრე I ჯგუფის მქონეებს.
დამატებითმა კვლევამ კი აჩვენა, რომ მეოთხე ჯგუფის შემთხვევაში ეს რისკი კიდევ 20%-ით მეტი იყო, ვიდრე მეორე და მესამე ჯგუფების მქონეებში.
ჰარვარდელმა მეცნიერებმა 77 ათასი პაციენტის მონაცემები შეისწავლეს და გაარკვიეს, რომ გულის დაავადებები უფრო ხშირად IV ჯგუფის სისხლის მქონეებს ემართებათ. „მეოთხეებში“ ეს რისკი, სხვა ჯგუფებთან შედარებით, 23%-ით მაღალია.
კაროლინსკის ინსტიტუტის (შვედეთი) მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სისხლის II ჯგუფი 20%-ით ზრდის კუჭის კიბოს განვითარების რისკს. I ჯგუფის მქონე პაციენტებში კი ბაქტერია Helicobacter pylori-ს მიმართ დაბალი წინააღმდეგობა გამოვლინდა, რომელიც გასტრიტსა და კუჭის წყლულს იწვევს.
ასაკთან დაკავშირებული კოგნიტური დარღვევების ყველაზე მაღალი რისკი სისხლის IV ჯგუფის მქონე ადამიანებს აქვთ. როგორც კვლევამ აჩვენა, ამ ჯგუფის სისხლის არსებობა რისკს 82%-ით ზრდის.
მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ „მეოთხეებს“, როგორც წესი, განსაკუთრებული ტიპის ცილის მაღალი შემცველობა აქვთ, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასაკობრივი დემენციის განვითარებაში.
ინსულტისგან ყველაზე დაცულები სისხლის I ჯგუფის მქონეები აღმოჩნდნენ. „პირველებში“ ინსულტის რისკის დონემ მხოლოდ 9% შეადგინა.
ამასთან საინტერესოა შვედი მეცნიერების კიდევ ერთი კვლევა, რა დროსაც მათ 5 მილიონი პაციენტის სამედიცინო ანკეტები შეისწავლეს და სისხლის პირველ, მეორე და მესამე ჯგუფებში კორელაცია გამოავლინეს. გაირკვა, რომ არსებობს 49 სახის დაავადება, რომლებიც ამ ჯგუფების შემთხვევაში ჩნდება.
როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, სისხლის მეორე ჯგუფის მქონეები ყველაზე ხშირად თრომბოზებით ავადობენ, ხოლო პირველი ჯგუფისა — სისხლის შედედების დარღვევით.
ამასთან ქალებს, რომლებსაც სისხლის პირველი ჯგუფი აქვთ დადებითი რეზუსით, ორსულობის დროს სხვებზე ხშირად ემართებათ ჰიპერტონია.
რაც შეხება მესამე ჯგუფის მქონეებს, ისინი ძალიან იშვიათად ავადდებიან თირკმელების კენჭოვანი დაავადებით.