მსოფლიო დღეს

კისინჯერმა აზრი შეიცვალა: ნეიტრალური უკრაინის იდეამ აზრი დაკარგა

Sputnik
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში მეტყველებს იმაზე, რომ კიევის ნატოში გაწევრიანების შეკავებას აზრი აღარ აქვს, განაცხადა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.
აღსანიშნავია, რომ კისინჯერი მანამდე არ უჭერდა მხარს უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების იდეას.
როგორც 99 წლის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, მანამდე უკრაინის ნატოში გაწევრიანებას იმის გამო ეწინააღმდეგებოდა, რომ შიშობდა, ამას რუსეთის მხრიდან აგრესია არ მოჰყოლოდა.

„ამ ომამდე მე ვეწინააღმდეგებოდი უკრაინის ნატოში შესვლას, რადგან ვშიშობდი, რომ სწორედ ის პროცესი დაიწყებოდა, რომელსაც ახლა ვხედავთ. ახლა, როდესაც ამ პროცესმა ასეთ დონეს მიაღწია, ნეიტრალური უკრაინის იდეას ამ პირობებში უკვე აზრი აღარ აქვს. ამ პროცესის ბოლოს [უკრაინამ] ნატოსგან გარანტია უნდა მიიღოს, რა ფორმითაც უნდა წარმოადგინოს იგი ალიანსმა. ახლა უკრაინის ნატოში გაწევრიანება უკვე მისაღებია“, — აღნიშნა კისინჯერმა.

კისინჯერის თქმით, კვლავაც მიაჩნია, რომ მოსკოვთან დიალოგის შენარჩუნება აუცილებელია, და შეახსენა ფორუმის მონაწილეებს, რომ რუსეთი — უზარმაზარი ქვეყანაა, რომელიც ბირთვულ იარაღს ფლობს.