ფაშინიანმა სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მაღალ დონეზე ისაუბრა

ჯერ კიდევ 2018 წელს სომხეთისა და საქართველოს მთავრობებმა სავაჭრო ბრუნვის გაზრდის ამოცანა დაისახეს
Sputnik
თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის მეორედ ჩატარება - სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების მაღალი დონის მაჩვენებელია, იუწყება Sputnik-სომხეთი.
პარლამენტში სამთავრობო საათის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სავაჭრო ბრუნვამ ქვეყნებს შორის 2022 წლის ბოლოს შთამბეჭდავ ნიშნულს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ სომხური და ქართული მხარეების მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება, ორივე ქვეყანაში დიდი ზრდა ფიქსირდება.
სომხეთის ხელისუფლების მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 2021 წელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა და 759 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა, თბილისის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდის ამოცანა ჯერ კიდევ 2018 წელს, საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ერევანში ოფიციალური ვიზიტის დროს დაისახა.
ამასთან, პრემიერმა სომხეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტზე მიუთითა, რომელმაც 2022 წლის დასასრულს ბოლო 10 წელიწადის მაჩვენებლებს გადააჭარბა (ექსპორტირებულია 365 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია).
„ჩვენ კონცენტრირებული ვართ 2023 წელს ყველა ამ მაჩვენებლის გაზრდაზე“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
მაჩვენებლების ზრდა უკავშირდება პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის დონეს, აღნიშნა პრემიერმა.
რაც შეეხება ორივე ქვეყნის მოქალაქეების მიერ ID-ბარათებით საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობას, ფაშინიანის აზრით, ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს ურთიერთობის განვითარებას.
ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით 12 იანვარს იმყოფებოდა სომხეთში, სადაც მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის მე-12 სხდომას დაესწრო.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რევაზ ჯაველიძე.