40-საათიანი სამუშაო კვირა საქართველოში: კამათი პროფკავშირებსა და ბიზნესს შორის

ბიზნესის წარმომადგენლები აპირებენ მთავრობასთან კონსულტაციების დაწყებას, რამაც პროფკავშირების ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.
Sputnik
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობის დადგენილებამ, რომლითაც შემცირდა იმ პროფესიების წრე, რომელთა წარმომადგენლებსაც შეუძლიათ კვირაში 40 საათზე მეტი მუშაობა, ბიზნეს-სექტორისა და პროფკავშირების წარმომადგენლებს შორის მწვავე კამათი გამოიწვია.
ბიზნეს-სექტორი უკმაყოფილოა არანორმირებული სამუშაო კვირის სიიდან ისეთი სფეროების ამოღებით, როგორიცაა მშენებლობა, ვაჭრობა, კვების ობიექტები. მეწარმეთა აზრით, ახლა მათ მოუწევთ შეანელონ მუშაობის პროცესი, რადგან დასაქმებულები 48 საათის ნაცვლად, კვირაში 40 საათს იმუშავებენ.
ბიზნესის წარმომადგენლები აპირებენ კონსულტაციების დაწყებას მთავრობასთან, რამაც პროფკავშირების ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ აჟიოტაჟით ბიზნესის მხრიდან, რომელიც უკავშირდება მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმსა და მუშაობის 48-საათიანი რეჟიმის შეზღუდვას“, – განაცხადა საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, პროფკავშირებმა დიდი სამუშაო გასწიეს იმ საქმიანობის სფეროების შესამცირებლად, რომლებიც არანორმირებულ გრაფიკს მოითხოვენ.
„40-საათიანი სამუშაო კვირა პროფკავშირების მოგონილი არ არის. ეს ნორმა აღებულია სამედიცინო და სანიტარული ნორმებიდან, ეფუძნება შრომის წარმადობას, ამიტომ დანარჩენ გამართლებას, რომელიც დამსაქმებლების სიხარბეს უკავშირდება, საერთო არაფერი აქვს რეალობასთან, სიღარიბესთან და ბიზნესისა თუ ეკონომიკის შენელებასთან“, – აღნიშნა პეტრიაშვილმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 48-საათიანი სამუშაო კვირა შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ ტელევიზიის მუშაკებს, კვების პროდუქტების მწარმოებლებს, მეთევზეებს, წყალმომარაგების, ელექტროენერგიის, ჟანგბადის მიწოდების, დასუფთავების სამსახურების, სატრანსპორტო კომპანიების, საწყობების თანამშრომლებს, მეტეოროლოგებს, ასევე ჯანდაცვის, სამაშველო სამსახურების მუშაკებს, გამომძიებლებს, დაცვის სამსახურებს, ციხეების ადმინისტრაციას, საბაჟოებისა და სოციალური მომსახურებისა და განათლების სფეროების თანამშრომლებს.