თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. საქართველოს ხელოვნების სასახლეს ქართველმა მკვლევარმა სიმონ კოპაძემ საჩუქრად დიდი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას ხელნაწერი გადასცა, დაწერა მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ სოციალურ ქსელში.
„დღეს ხელოვნების სასახლემ კიდევ ერთი შეუფასებელი საგანძური მიიღო... ხელნაწერი წარმოადგენს 57 გვერდიან ავტოგრაფს კონსტანტინე გამსახურდიას ცნობილი ტრილოგიიდან „დავით აღმაშენებელი“ . ეს თავი, რომელიც იერუსალიმის მეფე ბალდუინს ეძღვნება, ნაწარმოების ბეჭდურ ვერსიაში არ შესულა და მხოლოდ ამ უნიკალური ავტოგრაფის სახითაა შემორჩენილი“, - აღნიშნა გიორგი კალანდიამ.
სიმონ კოპაძემ დიდი მწერლის ავტოგრაფი მემკვიდრეობით მიიღო.
„მისი დიდი ბებია სოფიო ლორთქიფანიძე, რომელიც მთელს სენაკში განთქმული ქალბატონი იყო, ამასთანავე კონსტანტინე გამსახურდიას პედაგოგი გახლდათ... საყვარელი მოსწავლისაგან მხოლოდ სოფიო ლორთქიფანიძეს ჰქონდა პატივი პირველს წაეკითხა ნამოწაფარის ავტოგრაფები, შეეტანა კორექტურა და შენიშვნებიც კი“, - დაწერა გიორგი კალანდიამ.
როგორც კალანდია გვიამბობს, კონსტანტინე გამსახურდია სოფიო ლორთქიფანიძის ოჯახთანაც მეგობრობდა, სოფიოს მეუღლე გიორგი ქავთარაძე მწერლის უფროსი მეგობარი, მხარდამჭერი და მფარველი იყო, ამიტომ სიმონ კოპაძის არქივში არაერთი საყურადღებო დოკუმენტი ინახება, მათ შორისაა 9 წლის კონსტანტინე გამსახურდიას ფოტო.
„ვსარგებლობთ შემთხვევით და ბატონ სიმონ კოპაძეს ამ დიდი მოქალაქეობრივი და მამულიშვილური საქმისათვის განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებთ, მადლობა პატრიოტიზმისთვის და წინაპრების ხსოვნის სათუთად შენახვისთვის“, - აღნიშნა გიორგი კალანდიამ.
როგორც სიმონ კოპაძემ „Sputnik -საქართველოსთან“ საუბარში აღნიშნა, ხელნაწერი მის ოჯახში დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა.
კონსტანტინე გამსახურდიას ცნობილი რომანი „დავით აღმაშენებელი“, რომელიც ქართველი მეფის დავით მეოთხის მოღვაწეობაზე და პირად ცხოვრებაზე მოგვითხრობს, 1962 წელს არის გამოცემული.
„ეს 57 გვერდი ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო ვერ მოხდა ნაწარმოებში, ვფიქრობ, მუზეუმში მოხდება ხელნაწერის დამუშავება და იმედი მაქვს, რომ მალე საზოგადოება კონსტანტინე გამსახურდიას ამ უკვდავი ნაწარმოების განახლებულ ვერსიასაც იხილავს“, - განაცხადა კოპაძემ.