თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. ქაშუეთის ეკლესიაში დიდი ქართველი ხელოვანის ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ცნობილი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი, 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა.
ქაშუეთის ეკლესიაში იკრიბებიან ბუბა კიკაბიძეს ახლობლები, ოჯახის წევრები, მეგობრები, მსახიობები, მომღერლები, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები. ისინი ბუბა კიკაბიძეს იხსენებენ და მის ხსოვნას პატივს მიაგებენ.
ქართველი ხელოვანის სამოქალაქო პანაშვიდი 18 იანვარსაც გაიმართება. ცხედარს დაკრძალვის დღეს, 19 იანვარს 14:00 საათზე თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ.
ახლობლების ინფორმაციით, ვახტანგ კიკაბიძეს, საკუთარი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.
ვარსკვლავის გზა
ბუბა კიკაბიძე 1938 წლის 19 ივლისს თბილისში დაიბადა. იგი 1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში – უცხო ენათა ინსტიტუტში.
მუსიკამ ბავშვობიდანვე გაიტაცა, მღეროდა და უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე. ბუბა კიკაბიძე 1959 წლიდან ფილარმონიის არტისტი იყო. რამდენიმე წელში იგი ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ორერას" სოლისტი გახდა. ვახტანგ კიკაბიძე აგრეთვე მღეროდა ანსამბლებში „დიელო" და „რერო".
კიკაბიძემ კინემატოგრაფიაში მრავალი დაუვიწყარი სახე შექმნა. მას შესრულებული აქვს როლები ფილმებში „არ დაიდარდო", „მე, გამომძიებელი", „წყალწაღებული", „ვერის უბნის მელოდიები", „ფსევდონიმი ლუკაჩი", „თვალი პატიოსანი", „მიმინო", „საკდესი უფლებამოსილია განაცხადოს". ბუბას მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო" (1969) საერთაშორისო კინოფესტივალზე „კარტახენა-70" მიღებული აქვს პრემია, ფილმისთვის „მიმინო" კი მან სახელმწიფო პრემია მიიღო.
ვახტანგ კიკაბიძემ თავისი პირველი ფილმი „იცოცხლე, გენაცვალე" 1981 წელს გადაიღო, მეორე ფილმში „მამაკაცები და სხვები" კი მან მთავარი როლიც შეასრულა.