კანის კიბოს ნიშნები ფრჩხილებზე: რას უნდა მიექცეს ყურადღება

Sputnik
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ონკოლოგიურ დაავადებებს, ფორმის მიუხედავად, ზოგადი საერთო სიმპტომები ახასიათებს, თუმცა არსებობს ისეთი ნიშნებიც, რომლებიც ბევრად სპეციფიკურია და შესაძლოა კონკრეტული სახეობის კიბოზე მეტყველებდეს, წერს Daily Express სპეციალისტებზე დაყრდნობით.
როგორც ექიმმა ბილ მაკენამ განუცხადა გამოცემას, საუბარია კანის კიბოზე, რომლის წინასწარმა სიმპტომებმაც შესაძლოა ფრჩხილებზე იჩინოს თავი.

„არსებობს კიბოს უჩვეულო სიმპტომი, რომლის შესახებაც ადამიანებმა შესაძლოა არ იცოდნენ. ეს ხელებისა და ფეხების ფრჩხილების ფერისა და ფორმის შეცვლა, მათ ზედაპირსა თუ ქვედა მხარეზე მუქი ზოლების გაჩენაა“, — განმარტა ექიმმა.

მისი თქმით, მართალია, მსგავს ცვლილებებს სხვა ისეთი ფაქტორებიც იწვევს, როგორებიცაა სოკოვანი დაავადებები თუ ფრჩხილის ტრავმა, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ეს ნიშნები კანის კიბოზე მეტყველებდეს.
მაკენას განმარტებით, კანის კიბო, ანუ მელანომა კანზე ჩვეულებრივ მუქი ან ცვალებადი ხალის სახით ჩნდება, მაგრამ ზოგჯერ ფრჩხილის ზედაპირზე ან მის ქვემოთ ზოლებითაც ვლინდება და ამიტომ „ფრჩხილქვეშა მელანომის“ სახელითაა ცნობილი.
გარდა ამისა, ფრჩხილების ფორმისა და ფერის ცვლილებებს იწვევს კანის კიბოს სხვა სახეობებიც — ბაზალურუჯრედოვანი კარციონომა და განივზოლიანი კარცინომა.
ბრიტანეთის Cancer Research UK-ს მონაცემებით, მელანომას, ერთ-ერთ ყველაზე ავთვისებიან სიმსივნეს, რომელსაც მეტასტაზების ადრეული წარმოქმნა და ხშირად აგრესიული მიმდინარეობა ახასიათებს და ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, „არაკანური“ სიმპტომებიც აქვს.
ეს სიმპტომი, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება, ასეთია:
კანქვეშა ბორცვები — განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, როგორებიცაა: საზარდული, იღლიები ან კისერი. ასეთი გამაგრებების გაჩენა შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ კანის კიბო უკვე ლიმფურ კვანძებშია გავრცელებული, თუმცა ამ დროს დამახასიათებელი ხალები ან ლაქები სხეულზე შეიძლება საერთოდაც არ ჩანდეს. ეს საკმაოდ იშვიათ სიმპტომად მიიჩნევა.
ტკივილი მუცლის არეში — გარდა ლიმფური კვანძებისა, მელანომა შეიძლება გავრცელდეს ღვიძლზეც. თუ ასე მოხდება, ადამიანი ტკივილს მუცლის მარჯვენა ზედა სეგმენტში იგრძნობს.
სუნთქვის პრობლემები — მას შემდეგ, რაც მელანომა მეტასტაზებს გაუშვებს, ის შეიძლება გავრცელდეს ფილტვებშიც. ასეთ შემთხვევაში იწყება ქოშინი ან გამუდმებული ხველა.
სახსრების ტკივილი — ლიმფური კვანძების, ფილტვებისა და ღვიძლის გარდა, მელანომა, კანზე ხილული სიმპტომების გაჩენის გარეშე, ასევე შეიძლება გავრცელდეს ძვლებშიც. ასეთ შემთხვევაში პაციენტმა შეიძლება ართრიტისთვის დამახასიათებელი ტკივილები იგრძნოს.
მხედველობის გაბუნდოვნება — მელანომა ვითარდება მელანოციტებისგან, კანში პიგმენტ მელანინის წარმომქმნელი უჯრედებისგან, თუმცა მელანოციტები ასევე გვხვდება თვალებში და სხეულის ზოგ სხვა ნაწილში. როდესაც მელანომა თვალის მელანოციტებში ვითარდება, მისი პირველსაწყისი ნიშანი შეიძლება იყოს მხედველობის დაქვეითება ან გაბუნდოვნება, ასევე ირისის გაუფერულება.
ნაწლავური პრობლემები — მელანოციტები, თვალების მსგავსად, ნაწლავებშიც გვხვდება. ამიტომ შეიძლება ნაწლავებთან დაკავშირებული ისეთი პრობლემები, როგორებიცაა დიარეა, ყაბზობა, კრუნჩხვები ან ტკივილი, ასევე იყოს მელანომის განვითარების ფარული, ანუ „არაკანური“ სიმპტომი.
თავის ტკივილები — ამ სიმპტომის გაჩენა იმით აიხსნება, რომ თავის ტვინი ასევე შეიცავს მელანოციტების უჯრედებს. შესაბამისად, კანის კიბოს ამ სახეობის მქონე ადამიანს კანზე შეიძლება არ ჰქონდეს საშიში ხალი ან კანის სხვა დაზიანებები, სამაგიეროდ მას ექნება თავის ტკივილი, კრუნჩხვები ან კოგნიტური პრობლემები.