თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. დასავლეთმა რუსეთთან ურთიერთობებში ზომიერების გრძნობა არ უნდა დაკარგოს, ვინაიდან ის რჩება ევროპის ისტორიისა და კულტურის ნაწილად, განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა პარიზში გამართულ Sciences Po-ს კონფერენციაზე.
„არ უნდა წავიდეთ ძალიან შორს, მაგალითად, 144 მილიონი რუსისთვის ვიზების გაცემაზე აკრძალვის დაწესებით. <...> რუსეთის მიერ წამოწყებული სასტიკი აგრესიული ომი სიგიჟეა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომდევნო დღეზე, მომდევნო კვირასა და თვეებზე“, — თქვა მან.
ამასთან ავსტრიელმა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ ქვეყნის სრული მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ეჭვგარეშეა.
შალენბერგის განმარტებით, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას მოუწევს, ასე თუ ისე გაითვალისწინოს რუსეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და როგორც ბირთვული სახელმწიფო.
გარდა ამისა, დიპლომატი ეწინააღმდეგება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვის ეუთოს მინისტერიალზე დასწრების აკრძალვას, რომელიც პოლონეთშია დაგეგმილი. შალენბერგის თქმით, არსებული ორგანიზაციები არსებულ ფარგლებში უნდა შენარჩუნდეს.
„ეუთო ერთ-ერთია დარჩენილი მცირე რაოდენობის პლატფორმებიდან, სადაც რუსი დიპლომატები იძულებული არიან, ისხდნენ და ჩვენს არგუმენტებს, ჩვენს მწვავე კრიტიკას უსმინონ რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებით“, — განაცხადა შალენბერგმა.
წყარო: Kronen Zeitung