სანდრო ბაზაძემ ტუნისის გრან-პრი მოიგო

ბაზაძე პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც გრან-პრი მოიგო.
Sputnik
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძე სეზონის პირველ წარმატებას მიაღწია – ტუნისის გრან-პრი მოიგო და ამით ისტორიულ შედეგსაც მიაღწია.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ინფორმაციით, გრან-პრი ფარიკაობაში პრესტიჟულობით მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატს ჩამოუვარდება და გათანაბრებულია კონტინენტის პირველობასთან.
ევროპის ჩემპიონატების ოქროს და სამი ბრინჯაოს, ასევე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა 29 წლის ქართველმა მოფარიკავემ ტუნისის გრან-პრის ფინალში ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი იტალიელი ლუიჯი სამელე ანგარიშით 15-8 დაამარცხა.
ქართული ფარიკაობის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გრან-პრი საქართველოს წარმომადგენელმა მოიგო.